უჩა ჯაფარიძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება მოიცავს პერიოდს 1930 წლიდან გარდაცვალებამდე (1988წ.). ამ დროის მონაკვეთში მხატვარმა შექმნა მრავალრიცხოვანი საინტერესო და ეტაპობრივი ნამუშევარი. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება გამოირჩევა როგორც დარგობრივი მრავალფეროვნებით (ჟანრი, პორტრეტი, კედლის მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციები), ისე მის ნამუშევრებში მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (აკვარელი, გუაში, პასტელი, ტემპერის და ზეთის საღებავები).
უჩა ჯაფარიძის ხელოვნებაში წამყვანი ადგილი პორტრეტს უჭირავს. მხატვარმა გამოჩენილი ადამიანების შთამბეჭდავი მხატვრული სახეები შექმნა. უჩა ჯაფარიძემ დატოვა ცნობილი ხელოვანების მისეული მანერით შესრულებული პორტრეტების მთელი გალერეა: გალაკტიონის პორტრეტების სერია, ზაქარია ფალიაშვილის, კორნელი კეკელიძის, ვახტანგ ბერიძის, შალვა ამირანაშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის და სხვათა პორტრეტები. ეს პორტრეტები გამოირჩევა რეალისტური პრინციპებით.
დიდი ადგილი მხატვრის შემოქმედებაში დაიკავა აგრეთვე გრაფიკულმა ნამუშევრებმა, კერძოდ „ვეფხვისტყაოსნის“ და „კაკო ყაჩაღის“ ილუსტრაციებმა. უჩა ჯაფარიძის ნამუშევრები დაცული და ექსპონირებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდში.