თბილისის 195-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, გიორგი გოგრიჭიანმა, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD კონკურსში გაიმარჯვა და მსოფლიოს საუკეთესო 120 მოსწავლესა და საქართველოს საუკეთესო 5 მოსწავლეს შორის მოხვდა. იგი DAAD-ს ოთხწლიანი, სრული დაფინანსების პირობებში, სწავლას გააგრძელებს გერმანიაში „ბიზნეს-ინფორმატიკის“ საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამაზე. ამ სტიპენდიას მთელ მსოფლიოში გერმანული სკოლების საუკეთესო არაგერმანელი მოსწავლეები იღებენ.
„გიორგი გოგრიჭიანმა 2012 წელს სწავლა დაიწყო ჩვენი სკოლის პირველ კლასში და 2024 წელს წარჩინებით დაამთავრა ოქროს მედალზე. ამ ხნის განმავლობაში მან თავი გამოიჩინა არა მხოლოდ კარგი სწავლითა და შრომით, არამედ სანიმუშო დისციპლინითა და ყოფაქცევით.
DAAD სტიპენდიის მოსაპოვებლად გიორგიმ ბევრი იშრომა: მან წარმატებით, C1 დონეზე, ჩააბარა გერმანული ენის DSD II გამოცდა. მან ასევე წარმატებით გაიარა TestAS – ზოგადი უნარების საერთაშორისო ტესტი მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით და აქაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
გიორგი გოგრიჭიანი, როგორც მოსწავლე ჟურნალისტი, რეგულარულად წერდა და აქვეყნებდა სტატიებს ჩვენი სკოლის გერმანულენოვან ვებგვერდზე. იგი ასევე, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში 1906 წლიდან გამომავალ გერმანულენოვან გაზეთ “Kaukasische Post” რედაქციასთან.
გიორგი გოგრიჭიანი აქტიურად მონაწილეობდა გერმანული საპარტნიორო სკოლების საერთაშორისო ლიტერატურულ და შემოქმედებით პროექტებში, ისეთებში, როგორიცაა „Lesefuchse“, როგორც კონკურსანტი და „Seitenweise“, როგორც ჟურნალისტი.
2022 წელს, გიორგი გოგრიჭიანმა საზაფხულო, სამკვირიანი, საწარმოო პრაქტიკა გაიარა გერმანიაში, კერძოდ, ბავარიაში მდებარე ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP საწარმოსთან არსებულ საბავშვო ბაღში, სადაც მან არა მხოლოდ პირველი სამუშაო გამოცდილება, არამედ აღმზრდელისა და პედაგოგის პროფესიების გაცნობის პირველი შესაძლებლობა მიიღო.
მან 2023 წელს წარჩინებით გაიარა თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და პოტსდამის უნივერსიტეტის, ჰასო პლატნერ ინსტიტუტის, მიერ ორგანიზებული გერმანულენოვანი სასწავლო კურსი კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებისა და პროგრამული ენების შესწავლის მიზნით. იმავე 2023 წელს მან მონაწილეობა მიიღო როშტოკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „საზაფხულო დიგიტალურ კამპუსში“.
2023 წლის საზაფხულო არდადეგების პერიოდში გიორგი გოგრიჭიანმა სოციალური მომსახურების გაწევის მიზნით ნებაყოფლობით, ანაზღაურების გარეშე, ერთი თვის განმავლობაში იმუშავა ქალაქ თბილისში მდებარე ორგანიზაცია Life Chance-ში, რომელიც ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზრდასრული ასაკის ცხოვრებისთვის მოსამზადებლად არის მიმართული.
თავისუფალ დროს გიორგი გოგრიჭიანი გატაცებულია კითხვით, მან 2021, 2022 და 2023 წლებში აშშ საელჩოს სპეციალური სიგელები დაიმსახურა, როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი ლიტერატურის კითხვის კონკურსში გამარჯვებისთვის“, – ნათქვამია თბილისის 195-ე საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.