საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა

პარიზის ოლიმპიადა დასრულდა – 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენმა იბრძოლა. ქართველებმა ასპარეზობა  ისტორიული შედეგით – 3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა +102 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ).

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ.)

 

მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც შეძლო ათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ტალახაძემ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო. ის ასევე არის მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.

ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

კარიერაში პირველად იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ ის გახდა მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.

ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი. სადებიუტო ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა  ილია სულამანიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი მიიღო მოკრივე ლაშა გურულმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიაში პირველად იასპარეზა ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრებმა ლაშა ბექაურის, ლაშა შავდათუაშვილის, ილია სულამანიძის, ეთერ ლიპარტელიანის, ეთერ ასკილაშვილისა და სოფიო სომხიშვილის შემადგენლობით.

შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ღირსებას ათ სპორტის სახეობაში  28 სპორტსმენი იცავდა.  პარიზში  სპორტის ოცდათორმეტ სახეობაში  კი 10 000-ზე მეტმა სპორტსმენმა იასპარეზა.

შემდეგი ოლიმპიური თამაშები 2028 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართება. პარიზი კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიადა