ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახუშტი კოტეტიშვილი 1935 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.
გუგა კოტეტიშვილი იხსენებს: „არა, არ უთქვამს არასდროს და არც არაფერი გვითხოვია მაინცდამაინც. ესეც, ეტყობა, აღზრდის შედეგი იყო. იყო მეგობარი, რომელსაც გინდა რაღაც ჰკითხო ან მოუსმინო… საინტერესო პიროვნება“.
ვახუშტი კოტეტიშვილს სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.
იგი იყო იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი; საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე; საქართველო–აზერბაიჯანის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; ფოლკლორისტული კლუბის „ჯავარი“ პრეზიდენტი.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“. იგი იყო საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან, ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.
ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80–იან წლებში ტარდებოდა.