1922 წლის 3 აგვისტოს, ყველა დროის ერთ – ერთი დიდი ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძე დაიბადა.
ავთანდილ ღოღობერიძე, ბასა… დიდი ფეხბურთელი და არანაკლებ დიდი პიროვნება.
თენგიზ ღოღობერიძე იხსენებს: „მეტსახელი ბასა ბავშვობიდანვე შეურქმევიათ მამაჩემისთვის. ეს სოხუმში მომხდარა. თურმე, მამას ბავშვობიდანვე უჭირდა „ზ“-ს გამოთქმა, ჰოდა, ერთხელაც თანატოლებთან მოხვედრილს რუსული აბრა წაუკითხავს, „ოვოშჩნაია ბაზა“ რომ ეწერა ზედ. წაუკითხავს და „ოვოშჩნაია ბასაო“ ასე გამოუთქვამს. „ბასაც“ მაშინ უწოდებიათ.
ასე შერჩა ავთანდილ ღოღობერიძე ქართულ ფეხბურთს — უბრალოდ, ბასად. ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო – ცხრამეტი სეზონის მანძილზე სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არ მიუღია თურმე.
ქართული ფეხბურთის კეთილშობილების სიმბოლოდ მიჩნეულ ავთანდილ ღოღობერიძეს (1922-1980) ეკუთვნის თითქმის ყველა ინდივიდუალური რეკორდი – 17 წლის მანძილზე იგი გამოდიოდა თბილისის “დინამოში” და ჩემპიონატებში ყველაზე მეტი, 341 მატჩი ჩაატარა მის შემადგენლობაში, 10 წლის მანძილზე, 1951 წლიდან, გუნდის უცვლელი კაპიტანი იყო. მან გაიტანა ყველაზე მეტი, 127 ბურთი, ზოგადად და 25 – ერთ სეზონში, ექვსჯერ გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ერთხელ, 1951 წელს საკავშირო ჩემპიონატის ბომბარდირი(16).
1963 წელს გამოიცა მისი წიგნი სათაურით „ბურთით ცხრა მთას იქით“.
1967 წელს მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ პარალიზებული, სარეცელს იყო მიჯაჭვული. 1976 წელს, განახლებული „დინამოს“ სტადიონის გახსნისას, ფეხებწართმეული ბასა მინდორზე თანაგუნდელებმა ხელში აყვანილი შეიყვანეს. მას ფეხზე მდგომი 75 ათასი მაყურებელი უკრავდა ტაშს.
ფეხბურთიდან უხმაუროდ წავიდა…
ლეგენდარული ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე 1980 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.