2 აგვისტოს ოლიმპიადაზე 5 ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა და ხუთივემ დაასრულა გამოსვლა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ძიუდოისტთა მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ფრანგ ტედი რინერს შეხვდა და დამარცხდა. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო გურამ თუშიშვილმა ასპარეზობა რეპეშაჟში ვეღარ შეძლო. ძიუდოში ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. ინდივიდუალური ჩათვლა საქართველომ მე-4 ადგილზე დაასრულა. 3 აგვისტოს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება და პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური მედლისთვის ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრები იბრძოლებს.
ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ მეოთხე ოლიმპიადაზე იასპარეზა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი გამოსვლისას მან 53,620 ქულა მიიღო, მეორე გამოსვლისას – 53,460. ფინალში ასპარეზობის უფლება მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე რვა სპორტსმენმა მოიპოვა.
ნინო სალუქვაძე მსოფლიოში ერთადერთი ქალია სპორტსმენია, რომელმაც მეათე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ნინო სალუქვაძემ 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში 563 ქულა დააგროვა, 40-ე ადგილი დაიკავა და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. ფინალურ ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე რვა სპორტსმენი გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძემ 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაშიც იასპარეზა, 562 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერც ამ დისციპლინაში შეძლო.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველ შეხვედრაში გერმანელ რენე ლუხტს იპონით სძლია, მერვედფინალში კი ორთაბრძოლა ფრანგ რომანე დიკოსთან თანდათმო და სადებიუტო ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა დაასრულა.
3 აგვისტოს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება და შემადგენლობაში სოფიო სომხიშვილსაც ვნახავთ.
ქართველმა მძლეოსანმა ლიკა ხარჩილავამ სადებიუტო ოლიმპიადაზე
ასპარეზობა დაასრულა. საკვალიფიკაციო გარბენში მან 100-მეტრიანი დისტანცია 12,37 წამში დაფარა, თავის ჯგუფში ცხრა მონაწილეს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქართველი მძლეოსანი პარიზის ოლიმპიადაზე ე. წ. ველური ბარათით მოხვდა.