მოკრივე ლაშა გურული (63,5 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობს.
მეოთხედფინალში სპორტსმენმა ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია, ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გამარჯვებით მან ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა.
ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცეჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია. ნახევარფინალურ ორთაბრძოლას ქართველი მოკრივე 4 აგვისტოს კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესთან გამართავს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება. მესამე მედალი ილია სულამანიძემ მოუტანა ჩვენს ნაკრებს – ის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი გახდა.
ილია სულამანიძის მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს 43-ე ოლიმპიური მედალია. ეს არის მე-14 ოლიმპიური ვერცხლის მედალი, რომელთაგან შვიდი ძიუდოისტების ანგარიშზეა.