1927 წლის 2 აგვისტოს დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი რეზო თაბუკაშვილი დაიბადა.
„მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.
მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.“
მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან. წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე მისი პიესები: “რაიკომის მდივანი”(1953), “რას იტყვის ხალხი”(1956), “დენბურგის ზარი”(1970). იგი იყო ლიბრეტოების ავტორი ოპერებისათვის: “მინდია” და “ქაჯანა”.
მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა.
რეზო თაბუკაშვილი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგმნელად ითვლება. თარგმნის პროცესი 30 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, თარგმანის პრეზენტაციაზე რეზოს თავისი მეუღლისთვის, მედეა ჯაფარიძისთვის უთქვამს: – “თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა, რადგან ეს სონეტები შენ გეძღვნება, შენი ინსპირირებითაა დაწერილიო”.