1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა მუსიკოსი ლიანა ისაკაძე. იგი პატარაობიდანვე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 3 წლის ასაკში უკვე მევიოლინე იყო; 9 წლის ლიანას აკომპანემენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე.
ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი.
მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი 1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში; 1974 წელს მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში “სიბელიუსი”; გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას; 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია “ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის” სახელით მოღვაწეობს;
1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია;
არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის “ღამის სერენადები”-ს ორგანიზატორი;
ლიანა ისაკაძე არის თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო არტისტი. მიღებული აქვს:
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია;
სიბელიუსის სახელობის კონკურსი(ჰელსინკი), I პრემია;
პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის III პრემია (მოსკოვი);
მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსის I პრემია (პარიზი);
მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის II პრემია;
რესპუბლიკის ფესტივალის I პრემია და საპატიო ნიშნის ორდენი.
ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა;
“ის დაიბადა მუსიკისა და პოეზიისათვის”, – ასე შეაფასა ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ–ერთმა უდიდესმა მევიოლინემ დავიდ ოისტრახმა, ხოლო გერმანიის ერთ–ერთმა წამყვანმა გამოცემა “SUDDEUTSCHE ZEITUNG”-მა მას “საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე” უწოდა.
შეყვანილია მე-20 საუკუნის “2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში”, რომელიც 2002 წელს გამოაქვეყნა კემბრიჯის (ინგლისი) ბიოგრაფიულმა ცენტრმა.
2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ, ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, მისივე ავტოგრაფით.
„ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ იმავე გზით წავიდოდი. მხოლოდ ერთი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ყოველთვის – კარგად დამეკრა. თუ ამას ვეღარ შეძლებ, მაშინ უნდა მოკვდე.“ – ლიანა ისაკაძე.
ლიანა ისაკაძე 2024 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.