პარიზში მიმდინარე 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა და მოცურავე ანა ნიჟარაძემ იასპარეზეს.
ნინო სალუქვაძემ ახალი რეკორდი დაამყარა – ის მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც მეათე ოლიმპიადაში მონაწილეობს. მან 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა, 38-ე ადგილი დაიკავა და ამ დისციპლინაში ასპარეზობა დაასრულა. 2 აგვისტოს ტყვიის მსროლელი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.
მსოფლიოს ჩემპიონმა, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის ეტაპზე დაასრულა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა მან ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დათმო და მეხუთე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადაზე მესამედ იასპარეზა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. მერვედფინალში ის ეგვიპტელ მოჰამედ ამერს დაუპირისპირდა და დაძაბული ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით ეგვიპტელის სასარგებლოდ, ანგარიშით 15:14, დასრულდა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის უმცროსმა წევრმა, 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძემ 100 მ დისტანციაზე ქალთა ბატერფლაიში იასპარეზა. სადებიუტო ოლიმპიადაზე მან 1:02.85 შედეგი აჩვენა და ასპარეზობა 28-ე ადგილზე დაასრულა.
28 ივლისს ოლიმპიური წარმატებისთვის ბრძოლას ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი და მოცურავე ნოე ფანცხავა დაიწყებენ.