საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ნიდერლანდებში ზაზა მესხის ყოფილ მეუღლეს ესტუმრნენ. შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული ზაზა მესხის არქივი მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
“ნიდერლანდებში ვიზიტის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს:
„ზაზა მესხი – ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი – შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა, თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი ყოფილი მეუღლისაგან ცინტა დეფონტისგან მივიღე და ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაჰბარდება. ამ ახალგაზრდა კაცს, უკაცრავად, ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწეს, რამდენი უღვაწია, ემიგრაციაში პერიოდული გამოცემაც დაუარსებია, მის გარშემო გაუერთიანებია ახალი ემიგრაციის რჩეული პირნი, ძველნიც არ დავიწყებია. მისმა ყოფილმა მეუღლემ -,ქალბატონმა ცინტამ, ბრწყინვალე ქართულით მოლაპარაკემ, სევდიანი თვალებით გამოგვაცილა, ზაზა მესხის არქივის წამოსაღებად უტრეხტში რომ ვეწვიეთ. ჟურნალ “თანამემამულეს” ყველა ნომერი – ჩაწიკწიკებული კოლექცია, მიუნხენის, თესალონიკის, პარიზის, სტამბოლის ქართული გამოცემები, მიმოწერა, ფოტოარქივი და დიდი ტკივილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში კაცს ყველაფერი დაენგრას. თუმცა ბატონი ზაზას მიერ თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში დარგული სიკეთეები, კეთილშობილური საქმეები შეიძლება უფრო მოსავლიანი იყოს, ვიდრე არაერთის მოხუცებულობამდე მიტანილი ცხოვრება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.