აჭარაში სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ დაიწყო. მოლაშქრეების პირველი გაჩერება ჩირუხის ულამაზესი მთები იყო, სადაც ბანაკი გაიშალა და მოლაშქრეებისთვის პირველად დახმარების შესახებ მცირე ტრენინგი ჩატარდა. დღეს, 100-მდე მოლაშქრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან უკვე ხულოს მუნიციპალიტეტში ინაცვლებს, სადაც ულამაზესი იალაღების, ალპური მთებისა და ყარაგოლის ტბის გავლით სარიჩაირის იალაღებთან გადავლენ და იქვე დაბანაკდებიან. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოლაშქრეები ხიხაძირის ხეობას, ხიხანის ციხეს, შუამთის ტბებსა და კურორტ გოდერძის დალაშქრავენ. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება 27 ივლისს, ალპურ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, სადაც მოლაშქრეები ფესტივალის ბოლო ღამეს გაათევენ, 28 ივლისს კი ბათუმში დაბრუნდებიან.
სალაშქრო ფესტივალზე წელს, 200 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით მათგან მხოლოდ 100-მა შეძლო ფესტივალში მონაწილეობა. მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით 4 დღეში დაფარავენ. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე გაიარეს. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.