საქართველო უზბეკეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს

10-11 ივლისს, საქართველო უზბეკეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

10 ივლისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.

ორკესტრმა უზბეკეთის დამსახურებული არტისტის, კამოლიდინ ორინბოევის, დირიჟორობით უზბეკური ნაწარმოებები შეასრულა და მაყურებელს შესთავაზა ქართული კომპოზიციებიც: „სულიკო“, „მხედრული“, „თბილისო“, „არგო“ და სხვ. კონცერტის მონაწილეებს შორის იყვნენ უზბეკეთის სახალხო არტისტი აბდუჰოშიმ ისმაილოვი, უზბეკეთის დამსახურებული ხელოვანი ჰიოს არაბოვი, უზბეკეთის სახალხო არტისტი მუნოჟატ იულჩიევა, სახელმწიფო პრიზის, „ზულფიას“, ლაურეატი ზულხაიო რაიმკულოვა და სხვ.

უზბეკეთის კულტურის დღეების პროგრამით 11 ივლისს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში უზბეკური კინოფილმების ჩვენება გაიმართება. მაყურებელი ნახავს სამ ცნობილ უზბეკურ ფილმს, რომლებიც უზბეკეთის ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

კინოჩვენებების განრიგი ასეთია:

12:00 – „ლოდინი“ (რეჟ. ჯახენგირა ახმედოვა);

16:00 – „რეისი 101“ (რეჟ. არკომ შახნაზაროვი);

18:00 – „ცვლილება“ (რეჟ. ელკინ ტუიჩიევი).

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

უზბეკი ხელოვანები სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ ესტუმრებიან. სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს თავის შემოქმედებით გამოცდილებას გაუზიარებს.