“… მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყოველი კუთხე – კუნჭული. მშობლიური იმერეთი, კახეთი, გურია, სამეგრელო… აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს. სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას. უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი.
ექსკურსანტად შენს ქვეყანას არ უნდა მოევლინო. ექსკურსიით შენს ხალხს ვერ გაიცნობ”… ამბობდა დღევანდელი იუბილარი რევაზ ლაღიძე.
იგი დაიბადა 1921 წლის 10 ივლისს სოფელ ბაღდათში. მუსიკის სიყვარული ლაღიძეების ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა, თუმცა მას არასოდეს უოცნებია კომპოზიტორობაზე, მამამისი რომელიც მეტად თავშეკავებული კაცი გახლდათ, იტყოდა ხოლმე: „ნეტავი ამ ონავრისაგან დადგება ოდესმე კაცი?“. ის აიძულებდა ესწავლა მუსიკა. შემდგომში, როდესაც მამამ სიმღერები მოისმინა, ძალიან გაიკვირვა: „რეზო, ეს შენა ხარ?“.
რევაზ ლაღიძეს ღმერთმა არგუნა სიცოცხლეშივე მოსწრებოდა დიდ აღიარებას არა მარტო მის ქვეყანაში, საზღვარგარეთაც. მისმა კოლეგებმა იგი აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად, რაც ერთეულების ხვედრია.
თუ თანამედროვეებს ოდესმე საყვედური გამოუთქვამთ რევაზ ლაღიძისადმი, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალზე გატაცებული იყო თევზაობით და ნადირობით და ნაკლებ დროს უთმობდა შემოქმედებას. აკი თავად უთქვამს: „ზუსტად ვიცი საქართველოს რომელ მდინარეში რა ტემპერატურის წყალი მოედინება და რა ჯიშის თევზი ბინადრობს“.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ პლენუმზე, შედგა ბ-ნ რეზოს ბრწყინვალე სიმფონიური სურათის „საჭიდაოს“ პრემიერა. პლენუმს, საპატიო სტუმრის რანგში, ესწრებოდა დიდი დიმიტრი შოსტაკოვიჩი. პლენუმის კონცერტების შემდეგ გაიმართა მოსმენილი ნაწარმოებების განხილვა. მომხსენებელი გახლდათ ცნობილი მუსიკათმცოდნე ბ-ნი პავლე ხუჭუა. ჯერი საჭიდაოზე და მის ავტორზე მიდგა. ბ-მა პავლემ ხმას აუწია – ის „ბოროტმოქმედია“, “преступник”. დიახ, ნამდვილი „ბოროტმოქმედი“ – უნდა ჩაკეტო ოთახში, იჯდეს და წეროს მუსიკა” – კვლავ ნადირობა-თევზაობის თემა წამოიწია.
ჯერი საპატიო სტუმარზე – შოსტაკოვიჩზე მიდგა, რომელმაც თქვა – „მე სიამოვნებით გავხდებოდი თავგამოდებული მეთევზე, თუ ჩემს ბადეს ისეთი „ოქროს თევზი“ მოჰყვება, როგორიც „საჭიდაოაო“…
1990 წელს დუისბურგში გამართულ კონცერტზე შესრულებული “ჩემო კარგო ქვეყანავ” გერმანელებმა თავისუფალი საქართველოს ჰიმნად აღიქვეს
„რევაზ ლაღიძე იშვიათი მიმზიდველობით გამოირჩეოდა. მეორე არ შემხვედრია ადამიანი ასეთი ხალასი, ბუნებრივი, შეიძლება ითქვას სტიქიური რომ ჰქონოდა – ნიჭიც, ადამიანების სიყვარულიც და უსაზღვრო კეთილმოსურნეობაც, მეგობრობის უნარიც, სიცოცხლით დაუოკებელი ტკბობაც. ძალიან ჰგავდა თავისივე მუსიკას, თავის სიმღერებს, მათ გულითად რიტმს და სიწმინდეს. რევაზ ლაღიძე პიროვნებაც და შემოქმედიც – იმისთვის იყო ქვეყნად გაჩენილი, რომ ადამიანებისათვის სიხარული და ბედნიერების განცდა მიენიჭებინა. ამიტომ უყვარდა ყველას ეს კაცი, როგორც თავისი ღვიძლი და ახლობელი, ამიტომ დაისაკუთრა მან ასე ბუნებრივად მკვიდრი ადგილი ჩვენს ეროვნულ ხელოვნებაში, რომლის არსსაც იგი ღრმად და ორგანულად სწვდებოდა“, – წერდა აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე.
ის უმღეროდა იმას, რაც აღელვებდა და შთააგონებდა, წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა. უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის ბედნიერი იყო. ვერ იტანდა სიმარტოვეს, ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. ესიყვარულებოდა ყოველ ბუჩქს, ხეს, წყაროს. სამშობლოს მშვენიერებით აღფრთოვანებულ შემოქმედს უზომოდ უყვარდა მეგობრებთან ერთად ნადირობა, რადგან თვლიდა, ტყე თავისი იდუმალებით, თავისი საოცრებით, ყოველთვის არის შემოქმედებისთვის შთაგონების წყარო.
რევაზ ლაღიძე გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.