კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (ერისკაცობაში – გიორგი საძაგლიშვილი) 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა.
1897 წელს უფლის რჩეული კირიონის სახელით მონაზვნად აღიკვეცა და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. წმიდა კირიონმა საკუთარი ხარჯით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება გადასცა, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და ამ ტაძრების დაბრუნება მოითხოვა საქართველოს ეკლესიისთვის.
1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1904 წელს – ორიოლში, 1906 წელს – სოხუმში გაამწესეს. სოხუმში წმიდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. მალე იგი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს.
1907 წლის სექტემბერში წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა.
1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ეპისკოპოსის წოდება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.
კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე ევროპისა და რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: “ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია”.
მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად დანიშნეს, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.
წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.
ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან იდევნებოდა, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.
1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონი აირჩიეს, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.
კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.
საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობლის, წმიდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და… 1918 წლის 26 ივნისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.
მღვდელმოწამე კირიონ II-ის მკვლელობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს:
I ვერსია: კათოლიკოს-პატრიარქს 26 ივნისს მარტყოფის საეპისკოპოსო რეზიდენციაში წასვლა გადაუწყვიტავს, სამუშაო მასალებიც წაუღია, თან მიჰყვებოდნენ არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი, ქრისტეფორე კაპანაძე, ვასილ კბილაშვილი. ეტლში ჩაჯდომისას გახსენებია, რომ საპატრიარქო ბიბლიოთეკიდან წიგნები უნდა წამოეღო. ამიტომ ქრისტეფორე კაპანაძე დარჩენილა და მეორე დღეს წაუღია წიგნები მარტყოფში, მაგრამ იქ უკვე ტყვიით განგმირული კათალიკოსის ნეშტი დახვედრია.
გამოძიებას, რომელსაც იაკობ კოიაშვილი წარმართავდა, 1919 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, ვერავითარი ეჭვი ვერ შეიტანა კათაოლიკოსის თვითმკვლელობაში.
გაზეთი “ახალი სიტყვა” ამ ცრუ ვერსიას ავრცელებდა. სურდათ, ნეშთი მარტყოფშივე უჩუმრად დაეკრძალათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ…
II ვერსია: კირიონ II-ის მკვლელობა დაბრალდა არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკს, რომელიც მას მარტყოფში თან ახლდა. ამ ვერსიის მომხრენი აცხადებენ, რომ ოთახი, რომელშიც კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II ისვენებდა, ერთ მხრივ, ციცაბო კლდეს ეყრდნობოდა და იქ მხოლოდ იმ ოთახიდან შეიძლებოდა შესვლა, რომელში ტარასი კანდელაკი იმყოფებოდა. დილით, როდესაც პატრიარქი არ გამობრძანდა, შევიდნენ და ტყვიით განგმირული ნახეს თავის საწოლში. ცნობილი საზოგადო მოღვაწე, იოსებ იმედაშვილი წერდა, რომ არქიმანდრიტი ტარასი მოისყიდეს და გააჩუმეს. ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან არქიმანდრიტი ტარასი კირიონ II-ის პირადი მდივანი და იკონომოსი გახლდათ . გადასახლებაში იგი თან ახლდა კირიონ II-ს, ეხმარებოდა და გასაჭირს უმსუბუქებდა. მანვე უპატრონა გარდაცვლილი კირიონის მდიდარ მემკვიდრეობას და მოწესრიგებული გადასცა სიძველეთა მუზეუმს.
III ვერსია: კირიონ II-ის მკვლელობაში ბრალი დასდეს მიტროპოლიტ ლეონიდე ოქროპირიძეს: ისინი ერთად იბრძოდნენ ავტოკეფალიისთვის. 1906 წლის იანვარში პეტერბურგში სინოდის სხდომას ერთად ესწრებოდნენ და იგერიებდნენ ქართული ეკლესიის მოძულეთა შემოტევას.
1917 წლის 12(25) მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოცხადდა. შეიქმნა ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტი ეპისკოპოს ლეონიდეს მეთაურობით. დაიწყეს მზადება დიდი საეკლესიო კრების ჩასატარებლად, რომელსაც პატრიარქი უნდა გამოერჩია. ამ დროს ქართველ მორწმუნეთა ჯგუფი ქრისტეფორე კაპანაძეს მეთაურობით ჩავიდა რუსეთში და კირიონს სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა. ქართველი მღვდელთმთავარი 1917 წლის ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ეს მომენტი შუღლისა და დაპირისპირებისთვის გამოიყენეს.
IV ვერსია: ზნეობრივი პასუხისმგებლობა ჟურნალ “ახალი სიტყვის” კალმოსნებისა: ვინმე ჯაჭავაძის წერილები შეურაცხყოფს კირიონ II-ს და სასულიერო პირებს, მიტროპოლიტ ანტონი გიორგაძეს, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძეს, ყოფილ ეპისკოპოს გიორგი ალადაშვილის. 1917 წლის 1 ოქტომბერს, აღსაყდრების დღეს კირიონს მოკვლით დამუქრებიან ტაძრიდან გამოსვლისას. ყარამან კიკნაველიძეს პატრიარქი ვაჟკაცური საქციელით დაუცავს
1917 წლის ოქტომბერში საკათალიკოსო საქმეთა მმართველად და მდივნად არ დაამტკიცა ჯაშუში დავით დავიდოვი (დავითაშვილი), რომელიც რევოლვერით ორჯერ შეუვარდა კირიონს სამუშაო ოთახში.
V ვერსია: კირიონ II-ის შემდეგ 1918 წლის სექტემბერში სიძემ ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე მოწამლა. მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, კირონ II- ის საარჩევნო აგიტაციის მეთაური, საკუთარ სახლთან გამოასალმეს სიცოცხლეს. არქიმანდრიტი მირიანი მცხეთაში მოკლული ნახეს. დავით დავიდოვმა და მისმა ბანდამ მიზანს მიაღწია. დავიდოვი დიდხანს საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის გამგე და მდივნის რანგში “მოღვაწე” იყო.
წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმიდანთა დასში შეირაცხა.
წყარო: ამბიონი