ნიუ-იორკში “ქალთა კლუბი ნიუ-იორკში” ოფიციალურად შეუდგა ფუნქციონირებას

7 ივლისს, ნიუ-იორკში, ქართული კულტურის ცენტრში “ფესვები” “ქალთა კლუბი ნიუ-იორკში”   საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოდან სპეციალურად ჩამოვიდა ორგანიზაციის “ქალები განვითარებისთვის” და მასთან არსებული ქალთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაკა ხეცურიანი. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა “ქალთა კლუბი ნიუ-იორკში”.  მრავალი წელია, ასოციაციასთან ფუნქციონირებს ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ქალთა კლუბები.

აღნიშნული ღონისძიებით “ქალთა კლუბი ნიუ-იორკში”  ოფიციალურად შეუდგა ფუნქციონირებას და 2024-2025 საანგარიშო  წლის თავმჯდომარედ ლელა ქართველი აირჩია, ხოლო თანათავმჯდომარედ კატო მურღულია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე წარმადგინეს “ქალთა კლუბ ნიუ-იორკში” კლუბის ხელმძღვანელად. კლუბის მისია არის ემიგრანტ ქალთა უფლებების დაცვა და მათი ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა სამშობლოში!

საანგარიშო  ღონისძიების თარიღი ყოველწლიურად დაუკავშირდება ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.

  • კლუბში ჩამოყალიბებულია შემდეგი მიმართულებები:
  • მეცნიერება, განათლება;
  • სამართალი;
  • ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა;
  • გარემოს დაცვა;
  • ბიზნესის მართვა, ეკონომიკა;
  • კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, ტურიზმი;
  • მარკეტინგი, PR, საგამომცემლო საქმიანობა.

ყველა მიმართულებას სათავეში ღირსეული, თავისი საქმის პროფესიონალი  ქალები ჩაუდგნენ“, – განაცხადა მაკა ხეცურიანმა.

კლუბში  გაწევრიანებულია 30-მდე ემიგრანტი ქალი, მათ შორის ნუცა შანშიაშვილი, ნინი წიკლაური, მზეო გოგოჭური, ნონა თილი, დონარა გვრიტიშვილი, თამარ მახარაშვილი და სხვები.

ყველა წევრს  კლუბის პრეზიდენტმა სამკერდე ნიშნები გადასცა.

ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ასოციაციასთან “თვისტომი” (ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძე) და ქართული კულტურის ცენტრთან  “ფესვები” (ხელმძღვანელი შორენა ბარბაქაძე)

კლუბთან ფუნქციონირებას შეუდგა პარტნიორთა საბჭო, რომლის ხელმძღვანელად ქ-მა ლელა ქართველმა ბ-ნი ნიკოლოზ ჩხეიძე წარადგინა.

კლუბის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელი, კლუბის დაფუძნებისთვის გადასცა თავად მაკა ხეცურიანს.

“ქალთა კლუბი ნიუ იორკში”, კლუბის ფარგლებში, ყოველ კვირაში “კლუბის საათს” დააწესებს, სადაც მოქალაქეებს  კონსულტაციები გაეწევათ სხვადასხვა მიმართულებებით აქტუალურ თემებზე. ემიგრანტ ქალებს საჭირო ინფორმაცია მიეწოდებათ.

ასევე ამოქმედდება სადისკუსიო კლუბი და  ტელე-რადიო მედიაჰოლდინგი “თვისტომიმედიის” ეთერში გავა  საავტორო  გადაცემა  ” ქალთა კლუბი ნიუ-იორკში” ლელა ქართველთან ერთად”.

ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის რესპუბლიკური ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტი მარია აულიცინო და ვიცეპრეზიდენტი – სვეტლანა ზელენსკაია.