ლევილის ისტორიულ მამულში ლევილის ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება.
6 ივლისს, მეშვიდე საფესტივალო კვირას, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფოლკლორის ეროვნული გუნდი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულა და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი. აღსანიშნავია, რომ ფოლკლორის ეროვნული გუნდი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის, ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით შარშან შეიქმნა და ეს მათი პირველი გასტროლი და პირველი კონცერტია.
ღონისძიება ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბათუმის“ სოლო კონცერტით დასრულდა.
სტუმრებმა ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე). კოპროდუქცია სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორ ვეფხია ნადირაძისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი სიხარულიძის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა.
ქართველმა ხელბურთელებმა ქეთი ვენეცკიმ და მარიამ ჩავჩიძემ ფესტივალის სტუმრებისათვის საჩვენებელი თამაში გამართეს. შეხვედრები გაიმართა მოჭიდავეებთან, რომლებმაც მასტერკლასი ჩაატარეს და სტუმრებს საბრძოლო ხელოვნების საინტერესო ილეთები უჩვენეს.
ლევილის ქართული ფესტივალი განაგრძობს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის დაინტერესებას და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.
როგორც ცნობილია, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე – მონაწილეთა რაოდენობა.
წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ საფრანგეთის მოქალაქე სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.