ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 4-6 ივლისს, ქალაქ სეულში, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში “Seoul International Wine and Spirits Expo 2024“ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენა „Seoul International Wine & Spirits Expo“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს, სწორედ აღნიშნულ გამოფენაზე გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტისა და კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებლის ჩან ჯუნ პარკის (Chan Jun Park) ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.
კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით, ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.