ლატვიის დედაქალაქი რიგა პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს საქართველოს კალათბურთის ნაკრები. პირველი შეხვედრა ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელ ლატვიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 55:83 დათმო.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე A ჯგუფში ასპარეზობს და მომავალ შეხვედრას ფილიპინებთან 4 ივლისს გამართავს. რიგაში ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას ექვსი ნაკრები შეეცდება. ლატვიის გარდა ასევე ექვსგუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება პუერტო-რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ჯგუფურ ეტაპზე გამართული ორი მატჩიდან თუნდაც ერთის მოგების შემთხვევაში ითამაშებს.