გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერვედფინალური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან გამართა, სამგზის ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ანგარიშით 1:4 დათმო და „ევრო 2024“-ზე ასპარეზობა დაასრულა.
შეხვედრა მე-18 წუთზე რობინ ლე ნორმანის ავტოგოლით გაიხსნა. ანგარიში როდრის გოლით 39-ე წუთზე გათანაბრდა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. ესპანეთი მეორე ტაიმის 51-ე წუთზე ფაბიან რუისმა დააწინაურა, სამ ბურთამდე უპირატესობა კი 75-ე წუთზე ნიკო უილიასმა გაზარდა. მეოთხე ბურთი 83-ე წუთზე დანი ოლმომ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან შეხვედრა ანგარიშით 1:3 დათმეს, ჩეხეთთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პორტუგალიას კი ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 2:0 სძლია და ისტორიაში პირველად მერვედფინალში იასპარეზა. საქართველოს ნაკრები პირველი დებიუტანტი გუნდია, რომელმაც „ევრო 2016“-ის შემდეგ ჯგუფიდან გასვლა შეძლო.