აკაკი წერეთელი ერთ – ერთი იმ საზოგადო მოღვაწეთაგანია, რომელიც განსაკუთრებული იუმორის გრძნობით და ენამახვილობით გამოირჩეოდა. გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მოკლე ისტორია აკაკის იუმორზე და მოსწრებულ პასუხზე:
1905 წლის ზაფხულის ერთ დღეს თბილისისკენ მომავალი აკაკი მიხაილოვის(ამჟამად ხაშურის) რკინიგზის სასადილო დარბაზში იჯდა და საუზმობდა. სწორედ ამ დროს ჩამოდგა მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ ბუფეტში შებრძანდა დიდი მთავარი – მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრებოდა თავის მამულში – ბორჯომში. კავკასიის ყოფილი მეფინცვალის დანახვაზე ყველანი წამოდგნენ, მხოლოდ აკაკი განაგრძობდა დამჯდარი დინჯად საუზმობას. “მისმა უდიდებულესობამ” ნამცხვარი მოითხოვა და ფეხზე დგომით შეუდგა ჭამას. უცებ, მან თვალი მოჰკრა ჭაღარამოსილ, ევროპულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას და დამჯდარი მშვიდად მიირთმევდა საუზმეს. გაკვირვებული დიდი მთავარი ნამცხვრის ჭამა-ჭამით მივიდა უცნობთან და აგდებული კილოთი ხმამაღლა ჰკითხა:
– Какая разница между человеком и животным?
– Животное стоия кушает а человек – сидя, вот какая разница! – მოურიდებლად უპასუხა აკაკიმ და კვლავ დინჯად განაგრძო საუზმობა.
“მისი უდიდებულესობისათვის” ასეთი პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მას ენა ჩაუვარდა და გაოგნებული სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.
***
ერთხელ , ზამთარში ილია და აკაკი გაყინულ ქუჩაზე მიდიოდნენ. უეცრად აკაკის ფეხი გაუსხლტდა და წაიქცა. ილიამ მიაძახა:
– არა, რადა ხართ იმერლები ეგეთი ფხიკიანები, ნელა ვერ გაივლითო?
სწორედ ამ დროს ილიასაც დაუცდა ფეხი და ისე მძიმედ დაეცა, რომ ადგომაც გაუძნელდა. მაშინ აკაკიმ ღიმილით მიუგო:
– მეტად დარბაისლები ხართ ამერები… თუ ერთხელ წაიქეცით, ადგომას აღარ ჰფიქრობთო!
***
ერთი თავადიშვილის დას მაკო ერქვა. ერთხელ, აკაკი რომ შეხვდა ამ თავადიშვილს, უთხრა:
– თქვენი ცოლი ვნახე და მაკოცაო.
***
სასტუმროს რესტორანში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა. ბევრი ეწვალა და კანი ვერ გააცილა. გულმოსულმა ადვოკატმა იკითხა:
– არ გიკვირთ, რომ კანი არ ძვრება ამ ძეხვსაო?
– ეგ არ მიკვირსო, – მიუგო იქვე მყოფმა აკაკიმ, – ის კი ნამდვილად საკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებო.
***
აკაკი ერთ ოჯახში სადილად იყო. დიასახლისის პატარა ვაჟი გაჭირვეულდა და ვერმიშელი აღარ შეჭამა. დედა დაემუქრა. შვილი დაიმედებული იყოს, სტუმართან მაინც არას მეტყვიანო და ხელში კოვზს აწვალებდა. მერე მოუბრუნდა აკაკის და ჰკითხა: “ძიავ, ამ კოვზს რა აწერიაო?”
აკაკიმ კოვზი გამოართვა და ვითომ წაიკითხა:
“თუ არ ჭამე ვერმიშელი,
გაგლახავენ და ვერ გიშველიო”.
***
როცა აკაკი ქუთაისში ჩადიოდა, აუცილებლად შეივლიდა ხოლმე ნიკოლაძეების ოჯახში, ნიკო ნიკოლაძის დებთან – ანიკოსა და კატოსთან. ერთ დღეს ჩვეულებრივად მივიდა თურმე აკაკი. ჩაი რომ გააწყვეს, პოეტმა შაქარი ხელით ჩააგდო თავის ჭიქაში. ნიკოლაძის ქალმა ეს რომ დაინახა, აიღო და მთელი შაქარი გადაყარა ფანჯრიდან. აკაკიმ არაფერი არ თქვა, ჩაი რომ გაათავეს, ადგა და თავისი სკამი გადაისროლა ფანჯრიდან. ყველას გაუკვირდა. ამაზე აკაკიმ განაცხადა: – თუ ერთი შაქრის აღებით მთელი შაქარი წაიბილწა, მითუმეტეს ჩემ ნაჯდომ სკამზე აღარავინ დაჯდებაო.
***
19-ე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია “ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დადგენაზე მუშაობდა. ერთხელ, აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა და ამ სტრიქონებს არჩევდნენ:
“იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს”.
კომისიის წევრთა კამათი იყო გამართული სიტყვა – “ცათას” შესახებ. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ სიტყვა “ცათა” გადამწერთა დამახინჯებას წარმოადგენს, ვინაიდან ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, ცასა ექნებოდაო. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას იცავდა დიდი ილიაც. სწორედ მაშინ, როცა კომისია უკვე აპირებდა ოქმში შეეტანა ეს ცვლილება, სიტყვა ითხოვა აკაკიმ და წამოიწყო ლოცვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!..”
უკეთესი საბუთის მოძებნა აღარ შეიძლებოდა – “ვეფხისტყაოსნის” ტექსტში დარჩა სიტყვა “ცათა”.
***
ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის:
– როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო?
– ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხო, რომელიც ამდენი ხანია კიდეც მაძლევს პენსიას და არც მაძლევსო.
* * *
აბასთუმნის სასტუმროში ანგარიში წარუდგინეს აკაკის. ზედმეტი მიეწერათ და პოეტმაც, როცა გასინჯა, სთქვა: ახლა კი მივხვდი, რად ეძახიან ამ ადგილს „აბასთუმანსო“. თურმე აბაზში* თუმანს* ახდევინებენო!..
***
– გზაზე აკაკის “დიდი” დავით ორბელიანი შემოეყარა. აკაკიმ გერდი აუარა და ჩაილაპარაკა: “დათვი ორბელიანიო”. დავითმა ამას ყური მოჰკრა, აენთო, მოწმეები დანიშნა და მსაჯულთან უჩივლა. აკაკიმ პასუხად განაცხადა:
– მე ვთქვი, რომ დათვი ორ-ბელიანი უფრო ხშირად არის, ვიდრე სამ-ბელიანიო.
ასე გაიმართლა თავი აკაკიმ.
***
1910 წლის ზაფხულში აკაკიმ ჟურნალ “თეატრი და ცხოვრების” რედაქტორ-გამომცემელს იოსებ იმედაშვილს გაუგზავნა აი, ეს პატარა ბარათი: “ძმაო, იოსებ! შენი გაზეთის ნომრები, სადაც ჩემი სცენები იყო, ახლა მივიღე და გმადლობ. სხვები კი არ მიგზავნიან, გარდა გოთუასი. “დროება” რომ არ მომდის, არ მიკვირს, მაგრამ მათრახი მაინც რად ენანებათ ჩემთვის? აღარ ვიცი”