2024 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრების წევრი და რეკორდსმენი ნოე ფანცხავა.
100 მეტრ გულაღმა სტილით ცურვაში, ნოემ საგრძნობლად გააუმჯობესა მისივე საქართველოს რეკორდი და დააფიქსირა უძლიერესი შედეგი 55.06. ამით მან მოიპოვა ფინას 823 ქულა, რაც ისტორიაში საქართველოს მოცურავეების მიერ დაფიქსირებული უმაღლესი ქულაა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 100 მეტრ დისტანციაზე წარმატებით ასპარეზობის მეორე დღეს, ნოემ მოახერხა და დიდ კონკურენციაში დაიკავა მე-4 ადგილი. 50მ გულაღმა ცურვაში მისი შედეგია 25.45. ამ მასშტაბის ფორუმზე დაფიქსირებული ეს შედეგი, საკმაოდ დიდი წარმატებაა საქართველოს სპორტული ცურვისთვის.
ივლისში ნოე იასპარეზებს ვილნიუსში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის, სადაც მედლის მოპოვების შანსი კვლავ ექნება სხვადასხვა დისტანციებზე გულაღმა სტილით ცურვაში. დღევანდელი მონაცემებით ის ამ დისტანციაზე მე-4 ადგილზეა ევროპის იუნიორთა რეიტინგში.
შეგახსენებთ, რომ ნოე ფანცხავა და ნიკა ჭიჭიაშვილი გასული წლიდან მზადებას გადიან საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ერთ-ერთ საუკეთესო სპორტულ კლუბში, ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.