საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, დალი შალვაშვილმა ეს უნიკალური ფოტოები მაკულატურაში იპოვა.
ქალბატონი დალი უკვე წლებია მაკულატურას ამუშავებს. შედეგად, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის დანაკლისი იქ აღმოჩენილი უნიკალური ბიბლიოგრაფიული ერთეულებით ივსება.
„გასული საუკუნის დასაწყისში გადაღებული ეს ფოტოები, სავარაუდოდ, საოჯახო ალბომიდანაა. ფოტოების ვერსიებზე გაკრული ხელით მიწერილ ცნობებს ვკითხულობთ – „1917 წელი“, „ნიკიფორე პეტრიაშვილი“, „სიმონ მეტრეველი“, „სახსოვრად საყვარელ დას“ და ა. შ. დანარჩენი შესწავლის საგანია.
ფოტოები საინტერესოა ქართული ეროვნული სამოსის კვლევის თვალსაზრისით, ასევე იმითაც, რომ შესაძლოა თითოეული მათგანი ერთადერთი იყოს, ანუ ასლი არ არსებობდეს. შესასწავლია თითოეული ფოტოს მხატვრული ღირებულებაც.
პერიოდულად გთავაზობთ და მომავალშიც შემოგთავაზებთ მაკულატურაში ნაპოვნ მასალებს, რომლითაც ჩვენი ფონდი მდიდრდება.
აქვე მოგიწოდებთ ყველას, რომ ამგვარი ბიბლიოგრაფიული ერთეულები (ფოტო, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი, აფიშა და ა. შ.) გადასცეთ ეროვნულ ბიბლითეკას, რომელიც მათ თაობებს შეუნახავს“, -ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.