საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების 2 წევრი გამოვიდა და ორივემ მედალი მოიპოვა.
კონტინენტის პირველობაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით გიორგი ქინქლაძემ და შოთა კაკაბაძემ თავის სადებიუტო გამოსვლაში წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს ნაკრების ყულაბას მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მედლები მოუტანეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ქინქლაძის ანგარიშზეა, ხოლო 1 ბრინჯაო კაკაბაძის.
ატაცში ქინქლაძემ 81 / 85 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
გიორგი ქინქლაძემ იგივე შედეგი გაიმეორა აკვრაში დაძლეული 97/ 100 / 103 კილოგრამითაც, ორჭიდში მოგროვილი 188 კილოგრამით კი მესამე ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
შოთა კაკაბაძემ კი ატაცში 74 / 77 / 83 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში 96 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ევროპის პრიზიორი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 179 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა.