ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა.

ფესტივალზე  წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითლის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული და მსოფლიოში ცნობილი ქართული ვაზის ჯიშის ღვინოებს აწარმოებენ.

ფესტივალზე მოწვეული იყვნენ „საფერიკას“ ღვინის ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და ღვინის მომხმარებლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8 ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ფესტივალს იმპორტიორების, დისტრიბუტორების და სომელიეების ჯგუფი დაესწრო, ხოლო კომპანიის „Colangelo&Partners“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერმა მერიონ ჰელუიმ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია გამართა.