სულაკაურის გამომცემლობის ინფორმაციით, „ლიტოდისეას“ ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორის, ლეო ვარდიაშვილის ახალი წიგნი შეემატა
„ერთი დიდი ტყის მახლობლად“ მწერლის სადებიუტო რომანია, რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად ევროპელი და ამერიკელი მკითხველისაგან; პირველივე წელს ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში.
ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულ რომანში გმირი სამშობლოში ბრუნდება და დაკარგული მამის ძიებას იწყებს. ერთი შეხედვით მარტივ და მძაფრსიუჟეტიან ტექსტს, რომელშიც მთავარი გმირი, თითქოს კომპიუტერული თამაშის სხვადასხვა, უფრო და უფრო რთულ დონეზე გადადის, სინამდვილეში საკმაოდ ღრმა სიმბოლურ-ალუზიური დატვირთვა აქვს. ტაქსისტი ნოდარი, მიუხედავად მისი გამოხატულად ქართული ხასიათისა, „ღვთაებრივი კომედიის“ ვერგილიუსივით მიუძღვება მთავარ გმირს და ეს გზა, ეს ძიება, როგორც ზღაპრისა თუ ტყის მითოსს შეჰფერის, ნელ-ნელა მძაფრდება, მიჰყავს მკითხველი შთამბეჭდავ ფინალამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისა თუ მომავლის საინტერესო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
წიგნის მთარგმნელია დავით ახალაძე, რედაქტორი: თეონა ბექიშვილი, ყდის ილუსტრაცია: გიორგი სულაკაური.