საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ITB China 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, სვანეთის, სამეგრელოსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 10-მდე კერძო კომპანია დაესწრო.
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტის „Jungle“-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები გაათამაშა. კამპანია “სთარინგ ჯორჯიას” ფარგლებში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტები Black Sea Arena-ზე გაიმართება.
შანხაის სამდღიან ტურისტულ გამოფენაზე 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.