წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ლუკიის მხარის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულზე), შეძლებულ ოჯახში. მისი ღვთისმოშიში მშობლები დიდხანს ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი მიემადლებინა. ღმერთმა ისმინა თეოფანეს და ნონას თხოვნა და მისცა ვაჟი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.
წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით აღინიშნა. სარწმუნოებისათვის მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა.
325 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ნიკეის I საეკლესიო კრებაზე, სადაც მიღებულ იქნა სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი. კრების სხვა 318 წმიდა მამასთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებას.
წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში დიდხანს უხრწნელად იყო დაცული მისი წმიდა ნაწილები.
XI საუკუნეში საბერძნეთის იმპერიას მძიმე ჟამი დაუდგა. თურქებმა დაარბიეს მისი სამფლობელოები მცირე აზიაში, გაძარცვეს ქალაქები და სოფლები, მოსრეს მოსახლეობა, შეურაცხყვეს წმიდა ტაძრები, წმიდანთა ნაწილები, ხატები, წიგნები. მაჰმადიანები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანთაგან პატივდებული ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილებიც.
ხალიფა პარონ ალ-რაშიდმა კუნძულ როდოსის გასაძარცვავად გაგზავნა თავდასხმის ფლოტის მეთაური ჰუმეიდი. ამ კუნძულზე შემდეგ ჰუმეიდი მირონ-ლუკიაში გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის საფლავის დარბევის მიზნით, მაგრამ შემთხვევით მის გვერდით მდებარე სამარხი შემუსრა. როგორც კი მკრეხელები გემზე ავიდნენ, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ყველა ხომალდი ჩაიძირა.
სიწმიდეების წაბილწვამ აღაშფოთა არა მარტო აღმოსავლელი, არამედ დასავლელი ქრისტიანებიც. ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდანის წმიდა ნაწილთა გამოხსნა.
1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მათ სურდათ, მობრუნებულზე იტალიაში წაესვენებინათ წმიდანის ნეშტი. მირონლუკიაში პირველნი ჩავიდნენ ბარელები. წინასწარ გაგზავნილმა ორმა კაცმა ამბავი მოიტანა, რომ ქალაქში სიწყნარე იყო, ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო უდიდესი სიწმიდე, მხოლოდ ოთხი ბერი ლოცულობდა. შეიარაღებული 47 კაცი გაემართა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისკენ. ბერებს არაფერში შეპარვიათ ეჭვი და მშვიდად მიუთითებს მოგზაურებს ფიცარნაგზე, რომლის ქვეშაც წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგი იყო დამალული. ერთ-ერთმა ბერმა მოსულებს მოუთხრო გამოცხადებაზე, რომელიც იმ დღეებში მოხდა. ერთ ბერს წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა და მოუწოდა, უფრო ფრთხილად დაეცვა მისი წმიდა ნაწილები. ვაჭრებმა მონაზვნებს თავიანთი გადაწყვეტილება განუცხადეს და გამოსასყიდად 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. დარაჯებმა ფულზე უარი განაცხადეს და თანაქალაქელების გასაფრთხილებლად გაიქცნენ, მაგრამ მისულებმა კარებთან დაიჭირეს ისინი, შეკრეს და დაანგრიეს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც სამარხი იყო. განსაკუთრებული გულმოდგინებით ჭაბუკი მათე საქმიანობდა. მოუთმენლობისაგან მან კუბოს სახურავი გატეხა და ბარელებმა ნახეს, რომ სარკოფაგი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. მღვდლებმა ლუპა და დროგომ ლიტია შეასრულეს. მათემ მირონით სავსე სარკოფაგიდან ამოასვენა წმიდა ნაწილები. ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს.
მღვდელმა დროგომ მოსასხამში შეახვია წმიდანის ნაწილები და მოწიწებით გადაასვენა ხომალდზე. საკვრელთაგან გათავისუფლებულმა ბერებმა ქალაქს შეატყობინეს სამწუხარო ამბავი, ხალხი მოეფინა სანაპიროს, მაგრამ გვიან იყო.
8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარს მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმიდა სტეფანეს ეკლესიაში. ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ აშენდა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა პაპმა ურბან II-მ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.