აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა. მცხეთის ჯვრის აღმართება
მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი ვრცლად მოთხრობილი აქვს იაკობ მღვდელს, რომელიც ცალკე თავად შემორჩენილია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ყველა რედაქციაში. ასევე, ამ ამბის შესახებ მოკლე ცნობები გვაქვს „ქრონიკა“–დ წოდებულ ნაწილში, “მირიანის წიგნში” და ე. წ. „შენაზარდ“ თავში – „აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ“. ეს უკანასკნელი თავი შემონახულია მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს შატბერდულ რედაქციაში და „კლარჯულ მრავალთავში“, სადაც ის შესულია, როგორც საკითხავი „მარტჳილიისა (ანუ სულთმოფენობის) შემდგომად, დღესა ოთხშაბათსა“.
საჯვარე ხე მოიკვეთა 326 წელს, 25 მარტს, პარასკევ დღეს. “მირიანის წიგნი”-ს თანახმად მეფემ ხუროები გაგზავნა საჯვარე ხის მოსაძებნად და მათაც იპოვეს ერთი ხე, კლდეზე განცალკევებით მდგომი, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. მაგრამ მონადირეებისგან სმენოდათ იმ სასწაულებრივი ხის შესახებ, რომ როდესაც ისრით დაჭრილი ირემი მიირბენდა ბორცვის ქვეშ, სადაც ის ხე იდგა და მაშინათვე შეჭამდა მისგან ჩამოცვენილ მარცვლებს, სიკვდილს გადაურჩებოდა.
იაკობ მღვდელი განაგრძობს, რომ მოკვეთილი ხე მოჰქონდა ათ ათეულ ადამიანს, თავისი რტოებითა და ფოთლებითურთ. მთელი მცხეთის მოსახლეობა გამოვიდა მის სანახავად, რადგან ზაფხულის პირზე, როდესაც ყველა სხვა ხე ხმელი იყო, ის სრულიად ფოთოლდაუცვენელი, სურნელოვანი და შესახედავად მშვენიერი იყო.
აღმართეს ხე (სვეტიცხოვლის) ეკლესიის სამხრეთ კართან და იდგა იქ ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში და არ შეცვლილა მისი სიმწვანე და არც ფოთოლი დასცვენია, თითქოს წყაროსთან მდგარი ყოფილიყოს, თავის ფესვებზე. მაისის თვის პირველ რიცხვში კი ამ ხისგან დაამზადეს ჯვრები, ხოლო შვიდ მაისს აღმართეს ეკლესიაში.
იმ ღამეს და შემდეგაც, მრავალმა მცხეთელმა იხილა, რომ ზეციდან ჩამოდიოდა ვარსკვლავით დაგვირგვინებული ცეცხლის ჯვარი, რომელიც ეკლესიას განთიადამდე ადგა თავს. გარიჟრაჟზე მისგან გამოდიოდა ორი ვარსკვლავი, ერთი მიდიოდა აღმოსავლეთით და ერთიც – დასავლეთით, ხოლო ის მთავარი ვარსკვლავი ისევე ადგა ბრწყინვალედ ეკლესიას და ნელ–ნელა გადაინაცვლებდა არაგვის მეორე მხარეს; დაადგებოდა ხოლმე კლდის ბორცვს, იმ წყაროს ახლოს, რომელიც მოგვიანებით წმინდა ნინოს ცრემლებმა აღმოაცენეს. საბოლოოდ , ეს ვარსკვლავი იქიდან კვლავ ზეცად ამაღლდებოდა ხოლმე. ეს სასწაული მრავალჯერ იხილა ხალხმა.
მაშინ რომის იმპერიიდან ჩამოსულმა სამღვდელოებამ დაიწყო წმ. ნინოს გამოკითხვა, თუ რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს. წმინდანმა უპასუხა მათ და უთხრა მეფეს, რომ გაეგზავნა ხალხი მაღალ მთებზე აღმოსავლეთისკენ, კახეთის მთამდე, ასევე დასავლეთით, სადამდეც მისი სამეფოს საზღვარი უწევდა. ის ხალხი უნდა დაკვირვებოდა, თუ სად დაადგებოდა ბრწყინვალე ვარსკვლავიდან გამოყოფილი ორი სხვა ვარსკვლავი და სწორედ იმ ადგილებზე უნდა აღმართულიყო სასწაულებრივი ხისგან დამზადებული დანარჩენი ორი ჯვარი.
მეფე სწორედ ასეც მოიქცა. იყო პარასკევი დღე და შაბათი თენდებოდა და მოხდა იგივე სასწაული, რაც მანამდე ხდებოდა. მეორე დღეს მოვიდა დასავლეთით გაგზავნილი ხალხი, რომლებიც ქვაბთა–თავის მთაზე იდგნენ და უთხრეს მეფეს, რომ ის ვარსკვლავი დაადგა თხოთის მთებს და ჩავიდა კასპის ერგვისში, გაჩერდა ერთ ადგილას და ნელა გაუჩინარდა. ასევე, მოვიდნენ აღმოსავლეთით გაგზავნილები და თქვეს, რომ მცხეთის ეკლესიიდან გამომავალი ვარსკვლავი კუხეთის (შატბერდული რედაქციით – კახეთის) დაბა ბოდს დაადგა თავს.
მაშინ წმ. ნინომ ბრძანა, რომ წაეღოთ ორი ჯვარი და ერთი აღემართათ თხოთის მთაზე, სადაც ღმერთმა მეფეს თავისი ძალა უჩვენა. მეორე ჯვარი კი მიეცათ სალომე უჯარმელისთვის (უჟარმელი), რათა მას იგი უჯარმაში (უჟარმ,ში) აღემართა . რაც შეეხება დაბა ბოდისს, იგი არ უნდა შეცილებოდა სამეფო ქალაქს (ე. ი. უჯარმას), და წმინდა განმანათლებელი მას თავად მოინახულებდა.
მართლაც, გააკეთეს ისე, როგორც წმ. ნინომ ბრძანა, ხოლო მცხეთის პატიოსანი ჯვარი აიღეს და მიიტანეს არაგვს გაღმა, ბორცვის ქვეშ, წყაროსთან, სადაც ღამე ათიეს და ილოცეს. წმ. ნინო თავისი ცრემლით განაზავებდა იმ წყაროს და ხდებოდა კურნებები და დიდ–დიდი სასწაულები.
მეორე დილით, ყველანი ავიდნენ იმ კლდეზე, დაადო წმ. ნინომ ხელი ერთ ქვას და უთხრა იაკობ მღვდელს: „მოდი, შენ შეგფერის, დასწერე ჯვარი ამ ქვას“. იაკობმა ასეც გააკეთა და იმ ადგილას აღმართეს ის დიდებული ჯვარი. მოიდრიკა მუხლი მეფემ, მთავრებმა და მთელმა ხალხმა და თაყვანი სცეს ძლევით შემოსილ ჯვარს.
ამის შემდეგ, მთავარი ქალები არ შორდებოდნენ წმინდა (სვეტიცხოვლის) ეკლესიას და ნათლის სვეტს (სვეტიცხოველს) და მაცხოვნებელ ჯვარს, რადგან მოწმე იყვნენ იმ უამრავი სასწაულისა და ენით აღუწერელი კურნებებისა, რასაც ისინი ახდენდნენ.
ამის შემდეგ დატოვა წმ. ნინომ მცხეთა და წავიდა მთიულებისთვის სახარების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად. ხოლო მცხეთაში დატოვა აბიათარი, ყოფილი იუდეველი მღვდელი, რომელსაც მეორე პავლეს უწოდებდნენ, რადგან არ ცხრებოდა დღედაღამ ქრისტეს ქადაგებითა და მისი დიდებით, სანამ ებრაელებმა მცხეთიდან გაქცევა არ დაიწყეს. ხოლო იმ ებრაელთა სალოცავთან (ბაგინი) დაკავშირებით, მეფეს აიძულებდა, რომ კი არ დაენგრიათ, არამედ კიდევ უფრო გაემშვენებინათ იგი, რადგან ახალი მადლის გამოჩენამდე, იქ იყო ღვთის სახლი. უჯერებდა მეფე აბიათარს სიცოცხლის ბოლომდე და იქ ელიოზის შთამომავლები იყვნენ იუდეველთა მღვდლებად.
წყარო: თინათინ მჭედლიშვილი