„ზღაპრებს ბავშვებისთვის ვწერ და კიდევ იმ დიდებისთვის, რომლებშიც ბავშვი ცოცხლობს“

დღეს ცნობილი ქართველი მეზღაპრე გურამ პეტრიაშვილი 82 წლის გახდა.

“ქუჩაში რომ ბავშვი წაიქცევა და მუხლები გადაუტყავდება, მგონია, იმ ადგილას მუხლები მეც გადამიტყავდა. მტკივა და ხელს ვისვამ. ზღაპრებს ბავშვებისთვის ვწერ და კიდევ იმ დიდებისთვის, რომლებშიც ბავშვი ცოცხლობს. სანამ ეს ბავშვია ჩვენში, მანამდე ვართ ადამიანები, როცა ეს ბავშვი აღარ იქნება, მაშინ ჩვენც აღარ ვიქნებით ადამიანები…” – ამბობს გურამ პეტრიაშვილი, ყველაზე ცნობილი ქართველი მეზღაპრე, „პატარა ქალაქის ზღაპრების“ ავტორი – ქალაქის „რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს“

გურამ პეტრიაშვილმა 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს — საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). სხვადასხვა დროს იყო საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ტელეოპერატორი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი)

„დიდებული სანახავი იყო წვიმა პატარა ქალაქში. განსაკუთრებით ლამაზი იყო ქალაქი ზევიდან. დაქროდნენ ჩიტები და დასცქეროდნენ ქუჩებს. სიხარულით ევსებოდათ პაწია გულები. ამბობდნენ, ბევრმა ჩიტმა სწორედ მაშინ ამოიდგა ენა, იმ სილამაზის შემხედვარემ დაიწყო ჭიკჭიკიო. გალამაზდა ქალაქი. მთავარი კი ის იყო, რომ ყვავილების სურნელებით დამტკბარი მოქალაქენი უფრო კეთილნი გახდნენ. ერთმანეთს აღარავინ აწყენინებდა. ის კი არადა, გოგონები ერთმანეთს აღარ ებუტებოდნენ იმის გამო, არა ჩემი დედოფალა უფრო ლამაზია, არა ჩემიო; ბიჭებს ხომ ფეხბურთის თამაშისას ერთხელაც აღარ მოსვლიათ ჩხუბი _ გავიდა ბურთი, თუ არ გავიდაო. ყველა მადლიერი იყო იმ კაცის. … ერთხელ წვიმაში რომ იდგა და ცას შესცქეროდა…“

 

გურამ პეტრიაშვილი