2024 წელს ფრანც კაფკას გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება. 13 მაისს, 19:00-ზე მწერალთა სახლი და ჩეხეთის ცენტრი თბილისში წარმოგიდგენთ გენიალური მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სახელწოდებით „მეტამორფოზა“.
„მეტამორფოზა“ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია ფრანც კაფკას შემოქმედებაში, სწორედ ამიტომ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული ქორეოგრაფიული წარმოდგენის INSECTUM K. პრემიერა ცნობილი ჩეხი ქორეოგრაფის, ჰონზა მალიკის შესრულებით.
საღამოს დაესწრებიან ქართველი და ჩეხი კულტურის და დიპლომატიური სფეროს წარმომადგენლები.
ქორეოგრაფ ჰონზა მალიკის შესახებ:
ჰონზა მალიკი ქორეოგრაფი, პედაგოგი, კურატორი და პროდიუსერია. როგორც თავისუფალი შემოქმედი, იგი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში მუშაობს. დუნკანის კონსერვატორიის ცენტრში სწავლის დასრულების შემდეგ, პროფესიული გამოცდილება მან პრაღის სამეფო ოპერაში მიიღო.
გარდა საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობისა (Austrian Laroque Dance Company, Forman Brothers Theatre), ჰონზა მალიკი არის შემოქმედებით ჯგუფ PULSAR-ის წევრი და ანსამბლ NANOHACH-ის თანადამფუძნებელი. აგრეთვე, მრავალი პროექტის თანაავტორი, მათ შორის: Let’s talk about Dance, Choreographer in the ring და Absolutely Unacceptable ნაწილი I და II; Provoke yourself და სხვა. 2007 წლიდან მუშაობს დუნკანის კონსერვატორიის ცენტრში, უძღვება შემოქმედებით სემინარებს. არის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსის მსაჯი, ხელოვნების ფესტივალების დრამატურგი. სხვადასხვა წელს ნომინირებული იყო საუკეთესო წარმოდგენის და წლის საუკეთესო მოცეკვავის ჯილდოებზე. მიღებული აქვს საუკეთესო შემსრულებლის (2011) წლის პერსონის (2014) და წლის საუკეთესო ცეკვის მენეჯერის ჯილდოები (2017).