პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის, ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს, ოლიმპიური საგზური მოიპოვა რამაზ ზოიძემ, რომელსაც მიზნის მისაღწევად მხოლოდ ტურნირის ფინალში გასვლა მოეთხოვებოდა.
რამაზ ზოიძემ (67 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელი ლეი ლი ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია აქვს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილს (97 კგ), რომელმაც პარიზში ასპარეზობის უფლება ბაქოში გამართულ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა.
ცნობისთვის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ექვსიდან ოთხ – 67, 87, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.