მწერალთა სახლის რეზიდენციას ჩეხი ავტორი, იარომირ ტიპლტი სტუმრობს. ავტორი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში გიორგი ლობჟანიძის პოეზიას თარგმნის.
იგი იმ ავტორთა რიცხვშია, რომელთაც წერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყეს. მისი შთაგონების ერთ-ერთი მძლავრი წყარო კი მშობლიური გარემო − ბოჰემიის მთიანეთი იყო, სპირიტუალიზმით და მითოლოგიით გამორჩეული მხარე.
იარომირ ტიპლტი გარდა მწერლობისა, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მას აქვს დოქტორის ხარისხი და კითხულობს ლექციებს ლიტერატურაზე, თუმცა თვლის, რომ პედაგოგი ნაკლებად არის და ეს საქმიანობა უფრო მისი შემოქმედებითი პროცესის გაგრძელებაა, რადგან აკვირდება სტუდენტებს, მათ ინტერესებს. ინტერესები კი მართლაც განსხვავებულია − თუ მისი თაობა უფრო დამოუკიდებლობის იდეისა და სხვადასხვა არამატერიალური პოსტულატების შეცნობას ცდილობდა, ახალ თაობაში უფრო საზოგადოებრივი, სოციალური და პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესი იგრძნობა.
იარომირ ტიპლტის შემოქმედებითი საღამო მწერალთა სახლში 20 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.