მოგეხსენებათ, აღდგომა მართლმადიდებლებისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია და ცხადია, ის თბილისშიც განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. თუმცა, სანამ უშუალოდ დღესასწაულზე ვისაუბრებთ, კარგი იქნება, თბილისში არსებულ რელიგიურ მდგომარეობას გადავავლოთ თვალი და გავიხსენოთ, რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები ქალაქში.
თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიეთნიკურობით და მრავალ რელიგიათშორისი ურთიერთობის მაღალი კულტურით. ამას მოწმობს უცხოური და ქართული წერილობითი წყაროები. ამისივე დასტურია ყოფითი კულტურა და თბილისის მოსახლეობის თანაცხოვრება. უცხოელი მოგზაურების გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, რომ თბილისში ერთმანეთის გვერდით აშენებული იყო მართლმადიდებლური ტაძარი, მუსლიმური მეჩეთი, ებრაელთა სინაგოგა, კათოლიკური ტაძარი, მოგვიანებით ჩნდება პროტესტანტების და ლუთერანების სამლოცველოები, სომეხი გრიგორიანების ეკლესიები. ყველა კონფესიის წარმომადგენელი ზეიმობდა საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებს და ამ ფონზე თბილისის ისტორიას არ ახსოვს ეთნიკურ რელიგიური მიზეზით სერიოზული ურთიერთდაპირისპირება.
მე-19 საუკუნეში, მეფის რუსეთის ხელშეწყობით, მნიშვნელოვნად იმატა ეთნიკური სომხების რაოდენობამ, რომელთა დიდი უმრავლესობა გრიგორიანელები იყვნენ. თბილისის მოსახლეობაში მართლმადიდებლების ხვედრითი წილი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მატულობს.
ქართველი მართლმადიდებლებისთვის სხვა რელიგიურ დღესასწაულებთან ერთად, აღდგომა განსაკუთრებული და გამორჩეული დღესასწაული იყო ყოველთვის. თბილისში ისევე, როგორც მთელ საქართველოში, რელიგიურ რიტუალებთან ერთად, გარკვეული ხალხური ტრადიციული ფორმითაც აღინიშნებოდა აღდგომა. აღდგომის დღესასწაულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა როგორც კვერცხის შეღებვა, ისე პასკის გამოცხობა. პასკის ცხობა ჩვენში შედარებით გვიანდელი პერიოდისაა და იგი გოლგოთას მთას განასახიერებს. თბილისელი მორწმუნეები, პასკის ცხობის დამკვიდრებამდე, სააღდგომოდ აცხობდნენ ტკბილ ქადებს, ყველიან კვერებს, სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო ასევე ბატკნის ხორცი და ღვინო, რომელიც წინასწარ იყო შერჩეული, გადანახული სადღესასწაულო სუფრისთვის. თბილისისთვის დამახასიათებელი იყო ბერიკაობა, რომელიც ადრე გაზაფხულით, აღდგომის მარხვის დაწყებამდე, ყველიერის კვირაში იმართებოდა და მასშტაბურ ხასიათს ატარებდა. ბერიკაობა წარმოადგენდა კოსტიუმირებულ მსვლელობა-ზეიმს. ამ მასობრივ მხიარულებაში, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, თბილისის პოლიტიკურ ისტორიასაც ასახავდა, მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქალაქის ეთნიკური უმცირესობის მცხოვრებნი, ასევე საგარეუბნო სოფლების მოსახლეობა.
აღდგომამდე, ვნების კვირის ოთხშაბათს იმართებოდა „ჭიაკოკონა“. ეს იყო სახალხო რიტუალი, როდესაც ღამით სახლებთან ცეცხლს დაანთებდნენ, ჯვარედინად ახტებოდნენ კოცონს და ხმამაღლა შესძახებდნენ „არული კუდიანებსა ჯვარი აქაურობას“. ხალხის წარმოდგენით, კუდიანები და ავი სულები კოცონში დაიწვებოდნენ და შემდეგი დღეები მშვიდობიანი იქნებოდა. იცოდნენ, ასევე, სახლის კარ-ფანჯრებზე ასკილის ტოტებისა და ეკლების დამაგრება იმის წარმოდგენით, რომ ავი სულები სახლში ვერ შეაღწევდნენ.
სადღესასწაულო ტრადიციების განუყოფელი ნაწილი იყო ჭონაზე სიარული. თბილისში ჭონაზე დადიოდნენ როგორც ადგილობრივები, ისე მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი. დიდი ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ახალგაზრდები თეატრალური ჩაცმულობით, სიმღერითა და გალობით, კარდაკარ დადიოდნენ, დროდადრო შემოსძახებდნენ „ალათასა ბალათასა ჩამოვკიდამთ კალათასა, ერთი კვერცხი ჩაგვიდევით ღმერთი მოგცემთ ბარაქასა“. მოსახლეობა ეგებებოდა მეჭონეებს, აძლევდნენ შეღებილ კვერცხებსა და სხვადასხვა პროდუქტს. შეგროვილ სანოვაგეს კი, ხშირად გაჭირვებულებს ურიგებდნენ და აღდგომას ზეიმობდნენ. თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, აღდგომა სადღესასწაულო ტრაპეზით გრძელდებოდა. თბილისი არასდროს ყოფილა ჩაკეტილი ქალაქი, აქ მოსახლეობა მუდმივად გამოშლილი იყო ქუჩებში, ეზოებში, საერთო თავშეყრის (სალაყბო) ადგილებში, სუფრებიც ხშირად გარეთ, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. ასეთ სუფრასთან თბილისელი მართლმადიდებლები სხვა რელიგიის წარმომადგენელ ახლობლებსაც იწვევდნენ, ისინიც თავის მოყვასს აღდგომას ულოცავდნენ. თბილისისთვის სააღდგომოდ ტრადიციული სახე ჰქონდა საფლავზე გასვლას, მოსახლეობა იხსენებდა საკუთარ მიცვალებულებს. როგორც აღვნიშნე, თბილისში აღდგომა განსაკუთრებული რელიგიურ-სახალხო დღესასწაული იყო. მორწმუნე თუ ნაკლებ რწმენაში მყოფი მოსახლეობა, ყველა ემზადებოდა ამ დიდი დღესასწაულისთვის. სწორედ ჩვენი დედაქალაქისთვის იყო დამახასიათებელი განსაკუთრებული შემწყნარებლობა და ურთიერთსიყვარული სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისა, როდესაც ისინი ერთმანეთს ულოცავდნენ მათთვის მთავარ რელიგიურ დღესასწაულებს. მაგალითად, აღდგომის მეშვიდე ხუთშაბათს აღინიშნებოდა მთაწმინდაზე მამადავითობა, სადაც ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელი თბილისელი ადიოდა და აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს. თბილისი, თავისი კულტურით და ტრადიციული ყოფით, ყოველთვის გამორჩეული ქალაქი იყო არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე.
თბილისსა და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ურთულეს დროში ვცხოვრობთ და დიდი გამოწვევების წინაშე მყოფთ ურთიერთთანადგომა და სიყვარული გვჭირდება. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს ქალაქს და ქვეყანას.
სტატიის ავტორია მირიან ხოსიტაშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი