მარიამ სტეფნაძე ავსტრიაში, FH Joanneum University of Applied Sciences-ში „Erasmus +’’ – ის გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იმყოფება.
“კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე ჩაბარება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რამაც შეუდარებელი თავგადასავლებით სავსე წლები მაჩუქა. თუმცა, ვიცოდი, ამ თავგადასავალს დამაგვირგვინებელი რგოლი აკლდა, სრულყოფილი რომ ყოფილიყო. სწორედ ამ რგოლად მომევლინა ავსტრიაში „Erasmus +’’ – ის გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად წასვლა.
პიროვნული ზრდა, დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა, ახალი მეგობრები სხვადასხვა კონტინენტიდან, ბევრი მოგზაურობა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სარგებლისა, რაც უცხოეთში სწავლამ მომიტანა. ამის მიღმა კი რჩება ენით აღუწერელი ემოციები, რომლებიც ნაზავია სიხარულის, სიამაყის, ბედნიერების, ცოტაც შიშის და შემდეგ ამ შიშის დაძლევით გამოწვეული უფრო დიდი ბედნიერების, რომელიც სამუდამოდ დაიკავებს ჩემს გულში ადგილს, როგორც ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო და გარდამტეხი პერიოდი.
ცალკე სიამაყის მომგვრელია, როცა გაქვს შესაძლებლობა, რომ შენი ქვეყანა უცხოელ სტუდენტებს გააცნო და გაუჩინო საქართველოში მოგზაურობის სურვილი. აქ ხომ მხოლოდ უცხოელი სტუდენტი არ ხარ, არამედ შენი ქვეყნის ელჩი ხარ. სწორედ ეს ახალი, უცხო გარემო გიმძაფრებს სამშობლოს სიყვარულს და ამასთანავე საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ საკუთარი თავი უკეთ შეიმეცნო სისუსტეებითა და ძლიერი მხარეებით და აღმოაჩინო, რომ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი. შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი არსად იკარგება, მთავარია არასდროს შეწყვიტოთ მიზნებისკენ სწრაფვა და საკუთარი თავის რწმენა”, – განაცხადა მარიამ სტეფნაძემ.