გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

ბაქოში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გოდერძი ძებისაშვილმა საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეავსო.

ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ფინალში გასვლა, რაც ქართველმა ფალავანმა წარმატებით შეძლო. ძებისაშვილი პარიზის საგზურისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა. მოუგო შვეიცარიელ მეტოქეს, მეოთხედფინალში კი უკრაინის წარმომადგენელი დაამარცხა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდაველ მაქსიმ საკულტანს დაძაბულ შეხვედრაში მოუგო და მისთვის პირველი ოლიმპიური ბილეთი დაჯავშნა.

დღესვე ბაქოს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე წარდგნენ რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), მაგრამ შეჯიბრებას სხვადასხვა ეტაპზე გამოეთიშნენ. ამ სამეულიდან  ოლიმპიურ საგზურთან ყველაზე ახლოს იყო ვლადიმერ გამყრელიძე, რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბაქოს ტურნირამდე ორი ლიცენზია უკვე ჰქონდა მოპოვებული. გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) საგზურები შარშან ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაბამისად, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების მოპოვებით დაიბევეს.

საქართველოს ნაკრებს დარჩენილ სამ წონაში (57, 74, 86) ლიცენზიების მოპოვების ბოლო შანსი სტამბოლის მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირზე (9-12 მაისი) ექნება.