სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილი ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

ბატუტზე მხტომელებმა დაგროვებული 46.300 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. მეორე ადგილზე აზერბაიჯანელები, მესამეზე კი პოლონელები გავიდნენ.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილისთვის ეს  მეორე მოპოვებული ოქროა. ჩემპიონობა მათ გუნდურ ასპარეზობაში ნინო ქორიძესთან ერთად იზეიმეს და საქართველოს ისტორიული მედლები მოუტანეს.

საპრიზო ადგილის დაკავებასთან ახლოს იყო ლუკა ლომთათიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი. საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჟებმა კარგად იასპარეზეს და ფინალში მესამე შედეგით გავიდნენ, მაგრამ ცოტა დააკლდათ და სამეულს ერთი საფეხურით ჩამორჩნენ.

შეგახსენებთ, რომ სინიორებს შორის გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა – ლუბა გოლოვინას, მარიამ რაგიმოვის, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას შემადგენლობით.

ანა ლაპიაშვილიმაია ბოჭორიძესინქრონული ხტომა