იაკობ ნიკოლაძის „მწვერვალისკენ მიმავალი გზა ძნელად, მაგრამ მაინც იკვალებოდა…“

საოცარია, მაგრამ ფაქტია… 16 წლის იაკობ ნიკოლაძე ისევ დილემის წინაშე მდგარა. ხატვა ძალიან ჰყვარებია, მაგრამ ვერ გაეგო რა სჯობდა – მხატვარი გამოსულიყო თუ ორთქმავლის მემანქანე… საბედნიეროდ, ისევ ხელოვნების სიყვარულმა სძლია, მანაც, სხვა მრავალივით, „თერგის წყალი დალია“ და მოსკოვს გაემგზავრა, მაგრამ  ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა. ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებლის დირექტორმა ლვოვმა კარგად შეათვალიერა, მიხვდა, რომ ახალგაზრდა ღარიბთა კასტის წარმომადგენელი იყო და სასწავლებლის კარი ცხვირწინ მიუჯახუნა სიტყვებით: „ჰოო… მაშინ უკეთესია წახვიდეთ და ივაჭროთ.“ წყენა გულში ჩაიკლა და გრაფ სტროგანოვის ტექნიკური ხატვის სასწავლებელს მიაშურა, სადაც უფრო გამოყენებითი ხელოვნების დისციპლინებს ექცეოდა ყურადღება.

„მე ვერასოდეს გავხდები მოქანდაკე“ – ხელი ჩაუქნევია ტრეტიაკოვის გალერეაში ანატოლსკის „ივანე მრისხანისა“ და „ბრმა გოგონას“ ნახვის და აღფრთოვანების შემდეგ, ამიტომ მოსკოვიდან ოდესაში გადაბარგებულს ფერწერის შესწავლა დაუწყია, მაგრამ მალე მრჩეველიც გამოსჩენია – ყოფილი მეზღვაურის, ახლა კი ქანდაკების კლასის მოსწავლის სერაფიმ პოლოლიკაშვილის დაჟინებული რჩევით პროფესორ იორინის ქანდაკების კლასში გადაბარგებულა. იქ შეუქმნია „ლადო მესხიშვილი ტარტიუფის როლში“, „მოხუცი ებრაელი“ და „შოთა რუსთაველი“. ეს უკანასკნელი გამოფენილა თბილისში, კავკასიის მხატვართა მეხუთე გამოფენაზე და მას ქართველი საზოგადოება აღუფრთოვანებია. დიდი მოწონება გამოუხატავს ილიას, მხატვარ გიგო გაბაშვილს კი დამწყები მოქანდაკისთვის უთქვამს: „ოო, ქართველები შეგიყვარებენ თქვენ, ყოჩაღ, ძალზე კარგია…“

თავად იაკობი „შოთა რუსთაველის“ შექმნის პროცესს ასე იგონებდა: „როდესაც ოდესაში ერთი წლის მეცადინეობის შემდეგ ქუთაისში ჩამოვედი, დედაჩემს ვუთხარი, რომ მე მოქანდაკე ვარ და ვთხოვე ჩემი ოთახის ჭერში გამოეჭრა ფანჯარა, რადგან მინდოდა შოთა რუსთაველის ფიგურა გამომეძერწა. დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ მე შევიშალე. ამავე დროს მთელ ქალაქში ვრცელდება ხმა, რომ ჩამოვიდა ვიღაც ნიკოლაძე, რომელიც თიხას თითხნის და მისგან რაღაცის გაკეთება უნდაო… ყველა ჩვენი ნაცნობი მოდიოდა დედასთან, ოხრავდა და თანაგრძნობას უცხადებდა. ამის შემდეგ დედაჩემი მიიყვანეს იქამდე, რომ საბოლოოდ დარწმუნდა ჩემს შეშლილობაში.“ დედა მხოლოდ „რუსთაველის“ აღიარების შემდეგ დაწყნარებულა, ხოლო შვილს ოდესის სამხატვრო სასწავლებელი საბოლოოდ დაუტოვებია… მწვერვალისკენ მიმავალი გზა ძნელად, მაგრამ მაინც იკვალებოდა…

იაკობ ნიკოლაძე