თბილისის ზოოპარკი საოცარი აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მარტის დასაწყისში თბილისის ზოოპარკის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ შირაქის ველსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპედიციის მიზანი იყო საქართველოში ბინადარი უიშვიათესი ძუძუმწოვრების – ზოლებიანი აფთრებისა (Hyaena Hyaena) და ბაკუსკაჩების (Hipsokardon skuchii) – მოძიება. ზემოხსენებული ცხოველების მიმართ მაღალი მეცნიერული ინტერესი იმითაა გამოწვეული, რომ საქართველოში ეს სახეობები რამდენიმე ათეული წელია აღარავის უნახავს, თუმცა ინფორმაციები კვალის შესახებ ხშირად ვრცელდება.

რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ექსპედიციის წევრები აქამდე უცნობი და შეუსწავლელი მღვიმეების კომპლექსს მიადგნენ. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაწყდა მღვიმეებისა და მათი დამაკავშირებელი სიფონების სისტემის დათვალიერება.

„მხოლოდ სამი ყველაზე მამაცი და გამოცდილი სპეციალისტი გავიდა გაღმა: ზოოპარკის მიწისქვეშა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ჰადეს თაქთაქიშვილი, უფროსი მკვლევარი ალისა სანაკოევა და მოწვეული მეცნიერი, ცნობილი ბაკუსოლოგი ბიმბუს კარაკულიადისი. ექსპედიციის წევრებმა შესვლისთანავე აღმოაჩინეს 69-მეტრიანი გამჭოლი სიფონი, რომელიც  მდინარე ივრის არტეზიული აუზიდან გამოჟონილი მიწისქვეშა წყლებით იყო გავსებული. ძაბრის მეორე ბოლოში მეცნიერებს ჰაერით სავსე უზარმაზარი დარბაზი დახვდათ, სადაც წყალს, როგორც სპეციალისტებმა მოგვიანებით აღნიშნეს, განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავდა და სუნიც უცნაური ჰქონდა. ალაგ-ალაგ, წყლის ზემოქმედების შედეგად გამორეცხილი მიწის ფენებიდან, არტეფაქტები მოჩანდა.

საკვლევი ადგილის გასუფთავების შედეგად საოცრად კარგად შენახული განამარხებული მუმიფიცირებული ცხოველების ნაშთები გამოჩნდა: ხმალკბილა ვეფხვი, ეტრუსკული მგელი, ტარიბანას სპილო, ელდარის ხალებიანი აფთარი კროკუტა ელდარიკა, ინდრიკოტერიუმები, ჟირაფინები და ჟირაფები.

ამ სახეობების ნაშთები საქართველოში არაერთხელაა ნაპოვნი, მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ ამ მუმიფიცირებულ ცხოველებს ფერი და ფაქტურაც კი შენარჩუნებული ჰქონდათ. ჩვენმა მეცნიერმა თანამშრომლებმა ადგილზევე ჩაატარეს ავტოფსია, ანატომიური და მორფოლოგიური კვლევები და სახეობების შემდგომი იდენტიფიცირებისთვის გენეტიკური მასალებიც აიღეს.

ჟირაფის ბიოლოგიური მასალის აღების დროს, ბიოფსიის ნემსის შეყვანისას, შემჩნეულ იქნა ცხოველის მცირე რეფლექსური რეაქცია, რაც ჩხვლეტის მიმდებარე ადგილის ტრემორში გამოიხატა. ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. აღმოჩნდა, რომ ჟირაფის კუნთები ქმედობაუნარიანია, რამაც, ვენაში კათეტერით შესვლისას, სისხლდენა გამოიწვია. ცნობილია, რომ ჰიბერნაციის დროს ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესები ძალიან ნელდება. მაგალითად, დათვის ძილის განმავლობაში მისი გულისცემა საათში ორია. სენსორების დამაგრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჟირაფის ბრადიარითმია 0,07 BPM-ია, ანუ გულისცემა დაახლოებით კვირაში ერთია. დეფეკაციის სიხშირე 0,057 JMA-ს შეადგენს. ეს მონაცემები იძლევა იმედს, რომ ცხოველის რეანიმაცია ძნელი, მაგრამ შესაძლებელია. ამისთვის, პირველ რიგში, არსებული პირობების შენარჩუნება და ცხოველის ჰიბერნაციიდან გამოყვანაა საჭირო.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, აუცილებელი აპარატურა მღვიმეში გადავიტანეთ და ამჟამად ჟირაფის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე ვმუშაობთ. პარალელურად იგეგმება მისი ექსტრაქციის პროცედურა.

მღვიმეში ჩატარებული ტესტების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰაერი და წყალი შეიცავს ნივთიერებას AQUA IMMORTALUS, როგორც თხევად, ისე აირად მდგომარეობაში. ვფიქრობთ, რომ სწორედ მისმა არსებობამ გამოიწვია ცხოველების ამგვარი მუმიფიცირება.

რაც შეეხება ჟირაფს. მისი ანატომიურ-მორფოლოგიური აგებულება (გრძელი კისრის არსებობა) გულის კუნთის მძლავრ მუშაობას განაპირობებს, რადგანაც ძლიერი ჰიპერტენზიის შედეგად სისხლი საკმაოდ შორ მანძილზე მიეწოდება ტვინს და სისხლის კოაგულაცია ფერხდება. ვვარაუდობთ, რომ ცხოველის სასიცოცხლო მაჩვენებლებიც სწორედ ამიტომ იქნა შენარჩუნებული, ეს კი, საბოლოო ჯამში, რეანიმაციის იმედს გვაძლევს.

ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ჟირაფის მღვიმიდან ამოყვანაა. თუ ბედი გაგვიღიმებს და მის რეანიმაციას მოვახერხებთ, აღარ დაგვჭირდება ჟირაფების ჩამოყვანა სხვა ქვეყნების ზოოპარკებიდან და ჩვენი, უნიკალური ენდემური სახეობა Camelopardus Georgica, ანუ ქართული ჟირაფი გვეყოლება!“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს 1 აპრილია