რას წერდა პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე რუსეთის შესახებ?
“გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? «მე გშობე, მევე უნდა მოგკლა». რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა (სამწუხაროდ, უმეცრების გამო ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც იმეორებს ამას თუთიყუშივით). იმას კი რუსებიც მალავენ და ქართველებიც, რომ რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, არამედ იმპერიის საზღვრებს აფართოებდა. ამას უტყუარად ადასტურებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე-19 საუკუნეში რუსეთი ატარებდა საქართველოში. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხის სულიერი, ეთნიკური და რელიგიური დაშლა ერქვა სახელად. იგი მეტად ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამის დასაბუთებით თავს არ შეგაწყენთ. ვისაც მართლა აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი, იმან ეს კარგად იცის. მარტო იმას გაგახსენებთ, როგორ ხდებოდა მე-19 საუკუნეში საქართველოში და თბილისის მოსახლეობის აღწერა. აღწერილია ასე _ ქართველები, იმერლები, ხევსურები, ფშავლები, გურულები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ. ამის ნიმუშებს ნებისმიერ სტატისტიკურ ცნობარში იპოვით. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაშიც კი. როგორ ფიქრობთ, _ რუსმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ, რომ აქ ჩამოთვლილი ტომები ერთიან ქართველ ხალხს შეადგენდნენ? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას სჭირდებოდა ქართული ეროვნული სხეულის დაშლა და შლიდნენ. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროსაც. ამის შედეგია ერთი ციცქნა საქართველოში ავტონომიები. ქართული მიწა-წყლის გადაცემა სხვისათვის. ასე, რომ «მეგობარი» რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა.
საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას. ეს მიზანი და ამოცანა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მიზანი და ამოცანაა, რომელსაც არ სურს სხვისი დამონება და არც ის უნდა, რომ თავად იყოს სხვისი ყურმოჭრილი ყმა. არმიაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეით უნდა აღიზარდოს. ამას პროპაგანდისტთა კარგად მომზადებული რაზმი სჭირდება. იგი კი არსად ჩანს. კარგად მოგეხსენებათ: როცა ბოლშევიკ-კომუნისტები წითელ არმიას აყალიბებდნენ, როგორც სპეციალისტებს, მეფის არმიის ოფიცრებს იყენებდნენ, მაგრამ მათ გვერდით აუცილებლად იდგა ბოლშევიკი კომისარი. ეს არ იყო შემთხვევითი. პროფესიული ცოდნა შეიძლებოდა მიეცა მეფის არმიის ოფიცერს, მაგრამ იდეა _ რას ემსახურებოდა წითელი არმია, რისთვის უნდა ებრძოლა _ ამას კი მხოლოდ ბოლშევიკი კომისრები ასწავლიდნენ. ჯარისკაცმა არა მარტო იარაღის კარგად ხმარება უნდა იცოდეს, არამედ ისიც (შეიძლება უფრო მეტადაც) _ რას ემსახურება და რისთვის იბრძვის. რისთვის უნდა დაღვაროს როგორც საკუთარი, ისე სხვისი სისხლი. …