მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამას წელს პირველი ავტორი სტუმრობს. ირლანდიელი პოეტი და შემოქმედი პეტერ ბრაზილი მწერალთა სახლში ათი დღის განმავლობაში დარჩება, შეისწავლის ქართულ ფოლკლორს, ტრადიციებს, ისტორიას და ირლანდიურ კულტურასთან მსგავსებას დააკვირდება.
პეტერ ბრაზილი 2018 წლიდან პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. იგი შემოქმედებით ჯგუფის „LA TOUNDRA“ წევრია. მისი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს პოეზია, პროზა, ხატვა და რეჟისურა. პეტერი არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: O Dublin , O Kolkata, In the Night, Morning in the Evening და სხვა.
მისი ვიზიტი Irish Arts and Council-ის გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
24 მარტს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში ირლანდიელი პოეტისა და შემოქმედის, პეტერ ბრაზილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. სტუმრები გაეცნობიან პეტერ ბრაზილის ნამუშევრებს და შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან ავტორს.