გუდის ყველის აუცილებელი ნიშან-თვისებაა ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე გაზრდილი ძროხისა და ცხვრის რძისაგან ან მათი ნარევისაგან ამოყვანა, რომელსაც შეიძლება დაემატოს თხის რძეც. ასევე, მნიშვნელოვანია ცხვრის, თხის, ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდაში მომწიფებისა და შენახვის ტრადიციის გამოყენება. ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გვაქვს ალპური ზონები და საძოვრების მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება დაამზადოს გუდის ყველი.
გუდის ყველის დამზადებისას რძეს ჩაკვეთავენ 35-37° ტემპერატურაზე, მიღებულ დელამოს დაჭრიან. საჭიროების შემთხვევაში, მეორედ აცხელებენ 36-38° ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება მარცვლის დაყენება, ზედმეტი შრატის მოცილება და ყველის მასის მოწურვა ნაჭრის ტომსიკებში. შემდეგ დებენ გუდაში, ამარილებენ და აჩერებენ მოსამწიფებლად. მომწიფების პერიოდი გრძელდება მინიმუმ 60 დღის განმავლობაში. ეს წესი სათავეს თუშეთის მეცხვარეებისგან იღებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, გავრცელდა ზემოთ ჩამოთვლილ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებზეც. საქპატენტში რეგისტრირებული სპეციფიკაციის თანახმად კი სწორედ ტრადიციული მეთოდის სავალდებულო შესრულება განსაზღვრავს გუდის ყველის დამზადების აუცილებელ პირობას.
გუდის ყველი ცილინდრული ფორმისაა, ზედაპირი თანაბარი, მაგრამ არა გლუვი, ქერქის გარეშე. ფერი თეთრიდან ოდნავ მოყვითალომდეა, უფრო ინტენსიურად შეფერილი შუაგულში. ვერტიკალურ ჭრილში ყველს აქვს მთელ მასაში თანაბრად განაწილებული 0,3-0,5 სმ დიამეტრის ნასვრეტები. შესაძლებელია ვერტიკალზე გაჭრის დროს ყველის თვალი იცრემლებოდეს და მოწვეთავდეს ცხიმის ნაღვენთები. ერთი თავი დაახლოებით 4-8 კილოგრამს იწონის. მსუბუქად ცხარე-მომჟავო, პიკანტური და ზომიერად მარილიანი გემოს მქონე გუდის ყველი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.
წყარო: საქპატენტი