კონკა, ცხენშებმული ტრამვაის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა თბილისში, 1883 წლის 26 თებერვალს კერძო მეწარმის, შემცოვის თაოსნობით ამუშავდა. ეს იყო ოთხივე მხარეს ღია ვაგონი, რომელსაც რკინის ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი ჰქონდა. კონკაში 20 კაცი ეტეოდა, კონდუქტორი (ბილეთების გამყიდველი) კონკის ღია ბაქნის ერთსაფეხურიან კიბეზე იდგა.
კონკა თავდაპირველად ვაგზლის და ვორონცოვის მოედნებს აკავშირებდა ერთმანეთს. გზის სიგრძე 2410 მ იყო. 1885 წელს კონკა „ტფილისის ტრამვაის ბელგიური საზოგადოების“ ხელში გადავიდა. 1889 წლის 15 ოქტომბერს გაიხსნა ყორღანოვის კერძო ხაზი, რომელიც ასევე ბელგიურმა კომპანიამ შეისყიდა.
1890-იან წლებში კონკის სავალი გზა გაიზარდა და ვორონცოვის ხიდის გავლით, პუშკინის ქუჩით, გოლოვინის და ვერის დაღმართის მეშვეობით კირხის მოედანს აღწევდა და ვაგზლის მოედანზე ბრუნდებოდა.
1904 წელს კონკა ელექტრო ტრამვაიმ შეცვალა. 1910 წლისთვის კონკის გზის სიგრძე 23 კმ-მდე შემორჩა მხოლოდ ავჭალის (ახლანდელი გ. ჩიტაიას) ქუჩაზე.