ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან საქართველოს დაპყრობისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. ამას თავად სტალინი ხელმძღვანელობდა, მისი წარმომადგენელი, სერგო ორჯონიკიძე კი საქმის უშუალო შემსრულებელი იყო. იანვარში საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ანექსია. რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან დადებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსეთმა ცნო საქართველოს სუვერენიტეტი და მის საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება აიღო.
წითელი არმია მშრომელი ხალხის „დასახმარებლად“ საქართველოსკენ დაიძრა. გააფთრებულ ბრძოლებში, რომელიც რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა, მხარდამხარ იბრძოდნენ ქართველი გენერლები, სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა – იუნკერებმა.
თავდადების მიუხედავად, ვერავინ შეძლო უთანასწორო ბრძოლაში დამოუკიდებლობის დაცვა და ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება. 1921 წლის 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ეს კარგად ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული წითელარმიელის დღიურდან: „22 თებერვალს, 23 თებერვალს, 24 თებერვალს ადგილი ჰქონდა ბრძოლებს, თუმცა 24 თებერვალს, როცა დილით ადრე შემოვლითი მანევრი გააკეთა ჩვენმა ნაწილმა და ბრძოლისთვის უფრო ხელსაყრელი მაღლობი ადგილები დაიკავა, მოწინააღმდეგე უკვე აღარ ჩანდა. მან დასცალა პოზიციები… 24 თებერვალს ჩვენი ნაწილი უკვე კოჯორში იყო. მოვდიოდით ფეხით. საღამოს მივაღწიეთ სოფელ ოქროყანას. თბილისში რომ შემოვედით უკვე ღამე იყო…“
ამავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. თავგანწირული ბრძოლები ქვეყნის დასაცავად უშედეგოდ დასრულდა. მსხვერპლი დიდი იყო. დემოკრატიული მთავრობის წევრებმა საქართველო დატოვეს და ემიგრაციაში გაემგზავრნენ. ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას საზღვარგარეთიდან გააგრძელებდნენ. ქვეყანაში ბოლშევიზმი გაბატონდა, რასაც მრავალი წლის მანძილზე სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.
სისხლითა და მახვილით დამყარებულმა ბოლშევიკურმა წყობამ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. დაიხურა ეკლესია-მონასტრები, წაიბილწა სიწმინდეები, დახვრიტეს უამრავი ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირები, შეილახა ქართული ენა და კულტურა. განადგურების პირას დადგა ინტელიგენცია. ბოლშევიკები ებრძოდნენ ყველას, ვისთვისაც „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ იყო.