შალვა ერისთავი 1897 წელს დაიბადა. 1919 წელს სწავლა თბილისის სამხედრო სკოლაში დაიწყო. შალვა პირველი რესპუბლიკის დროს გამოჩენილი ფეხბურთელი და მორბენალი იყო, რომელიც როგორც იუნკერი 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა.
„გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის თავდაცვის ყველა სექტორში, მათ შორის ტაბახმელას მონაკვეთზე 24 თებერვალს გაიმართა. თბილისის თავდაცვის ამ მონაკვეთზე განსაკუთრებულ სტრატეგიულ წერტილს სიმაღლე 1046, იგივე სანგარი N4 წარმოადგენდა. დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ N4 სანგარზე რამდენიმე იერიში მიიტანა და ნაშუადღევს ამ მონაკვეთზე არმიის პირველი ათასეულის ასეულის თავდაცვითი ხაზი გაარღვია. მოწინააღმდეგემ სანგრის სამივე ზოლი დაიკავა და სანგრის უკან განლაგებულ ლეიტენანტ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან გავიდა. არტილერისტები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. ამ დროს სანგრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იუნკერთა სამი ოცეული ისვენებდა. პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ იუნკერთა სამი ოცეული, ოფიცრების – შავდიას, ხოშტარიასა და ჩაჩუას მეთაურობით არტილერისტების დასახმარებლად და მე-4 სანგრის დასაბრუნებლად დაძრა. იუნკრებმა მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს, თუმცა სანგრის დაბრუნება გართულდა, რადგან მოწინააღმდეგე სიმაღლეზე „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევით გამაგრდა და მოშიშვლებულ ველზე იუნკრებს კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევდა.
შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებლა, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა, კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ. კონტრშეტევას, მის გარდა, ორი იუნკერი – ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი“.
გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე იგონებდა: „ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“.
შალვა ერისთავი ვერის ბაღში დაკრძალეს.