დღეს სამშობლოსათვის თავდადებული წმიდა მეფე სოლომონ II-ის ხსენების დღეა

წმიდა მეფე სოლომონ მეორე (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე – წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულიერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას…

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდვილესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადავიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადავიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: “შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება”, მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი – (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი, 1990 წლის ნოემბერში, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელ გაენათელმა მთავარეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) და მისმა თანმხლებმა სასულიერო და საერო პირებმა, წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

 

მეფე სოლომონ II