9-11 თებერვალს, რუმინეთში, ინფორმატიკაში დიდი საერთაშორისო ახალგაზრდული (15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა) ოლიმპიადა გაიმართა (infO(1)Cup2024). ოლიმპიადაში 140-მდე უძლიერესი მოსწავლით 14 ქვეყნის 37 გუნდი იყო წარმოდგენილი. ქართველი მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩვენი ქვეყანა ორი გუნდით, ანუ 8 მოსწავლით იყო წარმოდგენილი და 8 შესაძლებლიდან 7 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო (საბა ფერაძე), 1 ვერცხლი (დავით ძაძამია) და 5 ბრინჯაო (ნიკოლოზ თავხელიძე, ნიკოლოზ მელიქიშვილი, ცოტნე სვანიძე, გიორგი ბულაური, ოთარ ციბაძე). აქედან ოთარ ციბაძე ქუთაისის ა. რაზმაძის სახ. ფიზიკა-მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლის, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები თბილისის ვ. კომაროვის სახ. ფიზიკა.-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურის“ აღსაზრდელები არიან. მე-8, ყველაზე პატარა მონაწილემ, მათე რეხვიაშვილმა ღირსეულად იბრძოლა და სულ ცოტა დააკლდა მედლამდე. მჯერა, მომავალში ის დიდი წარმატებას მიაღწევს. გილოცავთ ყველას ქართველი მოსწავლეების კიდევ ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას! წინ ჯერ მოსწავლეთა ზამთრის (25 თებერვალი), შემდეგ ეროვნული (აპრილი – მაისი), ხოლო შემდეგ ევროპის გოგონათა (ივლისი, ჰოლანდია), ევროპის ახალგაზრდული (აგვისტო, მოლდოვა) და მსოფლიო (სექტემბერი, ეგვიპტე) ოლიმპიადებია. ასე, რომ შემოდგომისთვის ჩვენი საოლიმპიადო ყულაბა სავარაუდოდ კიდევ უფრო სერიოზულად შეივსება“, – წერს გიორგი მანდარია.