ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდი სრული – 10-კაციანი გუნდით მონაწილეობს. აქედან ოთხმა კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო, გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც.
გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომელიც ბუქარესტს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია, პირველ შეხვედრაში ლიეტუველი მეტოქე 13-2 დაამარცხა. 4-2 მოუგო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბელარუს ალექსანდრ ხუშტინს. 7-2 დაამარცხა თურქი იბრაჰიმ ჩიფტჩი, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს შეხვდა, აქაც გაიმარჯვა (7-1) და ზედიზედ მეორედ საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა აკაკი ქემერტელიძეს (70 კგ) – ევროპის ჩემპიონატის ახალბედას. ქემერტელიძემ აშკარა უპირატესობით (11-0) მოუგო ნეიტრალური სახელით მოასპარეზე ვლადისლაუ კოიკას, 7-4 დაამარცხა თურქი ჰეიდარ იავუზი, 5-2 გაიმარჯვა ბულგარელ რამაზან რამაზანოვთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომხეთის წარმომადგენელ არმან ანდრეასიანს შეხვდა, მაგრამ დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ასევე, საქართველოს ნაკრებს 2 მედალი მოუტანეს ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) და რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.