ივანე მაჩაბელი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე იყო; 1873 წელს, მან დიდ ილია ჭავჭავაძესთან ერთად, პირველად ქართულ ენაზე თარგმნა უილიამ შექსპირის “მეფე ლირი” ხოლო შემდეგ ივანე მაჩაბელმა დამოუკიდებლად თარგმნა ”ჰამლეტი” (1886წ.), “ოტელო” (1888წ.), “მაკბეტი” (1892წ.), “რიჩარდ III” (1893წ.), “იულიუს კეისარი” (1896წ.), “ანტონიო და კლეოპატრა” (1898წ.) იმ დროს, ქართულ სალიტერატურო ენას, ქართულ თეატრში კლასიკური პიესების თარგმანს, სცენაზე თამაშს უდიდესი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რუსული იმპერიის მარწუხებში მოქცეულ საქართველოში თეატრი იყო ერთადერთი ადგილი – სადაც საჯაროდ გაისმოდა ქართული სიტყვა. არაჩვეულებრივად და ხატოვნად შესრულებული თარგმანით ივანე მაჩაბელმა დაამკვიდრა ახალი სალიტერატურო ენა და ქვეყანას ბრწყინვალე თარგმანები დაუტოვა. 1897 წლის მაისში ივანე მაჩაბელი მძიმე ავად გახდა პლევრიტით. 1898 წლის 26 ივნისს კი ქალაქში ხმა დაირხა მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ….
ამ წერილს მაჩაბელი დას ემიგრაციიდან 1876 წელს სწერს და იმ სევდიან განცდაზე ესაუბრება, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია..
„ორი კვირის მგზავრობის შემდეგ ძლივს დავბინავდი. დავბინავდი, მაგრამ ცალკე ჯავრი მაწუხებს თქვენი, რომ ეგრე უპატრონოდ დარჩით, ცალკე მარტოკაობა. ვერ წარმოიდგენ, საყვარელი დაო, რა ძნელი ყოფილა ესე უცხო ქვეყანას ჩამოვარდნა, სადაც ერთ სიტყვას ვერ გაიგონებს კაცი, რომელმაც პატარა გული მოულბოს, სადაც ყოველი სახე და ყოველი სიტყვა უცნობია და ვერაფერი ვერა მოაგონებს რა კაცს თავის სამშობლო ქვეყანას. სხვა ყოფილა კაცისთვის სამშობლოს ცის ქვეშ ყოფნა და უცხო ქვეყანას გადაკარგვა. ეხლა პატარა გულზედ დარდი მომეშვა, რომ შევიძელ შენთან ქართულად გამოლაპარაკება. ასე მგონია თამარაშენში ვარ და კიდევ შენ გელაპარაკები-მეთქი… მაგრამ დავანებოთ თავი ამ ქალურ წრიპინს, ისა სჯობს, რომ თვალწინ წარმოვიდგინოთ ის იმედი, რომ ორი წლის უკან კიდევ მეღირსება მანდეთკენ პირის გამობრუნება… ხშირად მომწერე ხოლმე წიგნი, იქნებ სთქვა, რომ აქ არაფერი ამბავი არ არის რა და რა მივწეროო: მაგას ნუ იტყვი, რაც უნდა წვრილმანი ამბავი იყოს, მაინც მანდაური ამბავი ჩემთვის საინტერესო იქნება”
8 გიორგობისთვე, 1876 წ. ოჰენჰაიმი.