7 თებერვალი სერგო ქობულაძის დაბადების დღეა

1909 წლის 7 თებერვალს, ახალციხეში, დიდი ქართველი მხატვარი – სერგო ქობულაძე დაიბადა. ქალაქ ახალციხეში იმ დროს სამხედრო ნაწილი იდგა, სადაც მამამისი – სოლომონ ქობულაძე მსახურობდა.

1925-1930 წლებში სერგო ქობულაძე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი.

ცნობილი ქართველი გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და ფერმწერი სერგო ქობულაძე წლების განმავლობაში იყო მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების, ასევე  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი.

დაუვიწყარია მხატვრის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.

1935 წელს, საქართველოში “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზე დიდი კონკურსი გამოცხადდა, რადგან მთავრობის დადგენილებით, ორი წლის შემდეგ რუსთაველის პოემის იუბილე უნდა ეზეიმათ. საიუბილეო გამოცემისთვის ნახატების სერიები შეასრულეს ლადო გუდიაშვილმა, თამარ აბაკელიამ, ირაკლი თოიძემ და სერგო ქობულაძემ.

საბჭოთა დრო იყო და, ცხადია, მხატვარს ცენზურის ქვეშ მოუწია მოღვაწეობა. მისი და სტალინის შეხვედრა სწორედ “ვეფხისტყაოსნის” კონკურსის გამო შედგა. სტალინმა მოისურვა პირადად ენახა მის მიერ შექმნილი

ილუსტრაციები. ერთ-ერთი ილუსტრაცია – “ავთანდილის და ტარიელის შეხვედრა” სტალინმა დაიწუნა და მისი ამოღება მოითხოვა. ქობულაძის ილუსტრაცია ჩაანაცვლეს მიხაი ზიჩის ნამუშევრით.

საბოლოოდ, სერგო ქობულაძის მიერ შექმნილმა “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებმა მხატვარს უდიდესი გრაფიკოსის სახელი დაუმკვიდრა როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირში. ეს სერია ტრეტიაკოვის გალერეის ექსპოზიციაშიც შევიდა, ასევე, მრავალგზის გამოიცა წიგნად და დღესაც რუსთაველის პოემის საუკეთესო ილუსტრაციად მიიჩნევა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა (1960 წელს), რომელსაც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა. სამწუხაროდ, 1973 წლის 9 მაისს თეატრში გაჩენილი ხანძრისას ხელოვნების ეს ქმნილება განადგურდა.

სერგო ქობულაძე 1978 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა.

სერგო ქობულაძე